მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.

ელგუჯა ცომაიას ადვოკატი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ზურაბ და შალვა წოწორიების, გიორგი ნარიმანიძის უფლებადამცველიც დაკავებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა, თანხის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა და წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.

ერთ-ერთი ადვოკატის კითხვაზე, თუ რატომ არ იმყოფება მიხეილ სააკაშვილი დარბაზში, მოსამართლემ უპასუხა, რომ სააკაშვილი ამ სხდომაზე არ უნდა ყოფილიყო.

“როგორ უნდა იყოს დარბაზში სააკაშვილი, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს”, – განაცხადა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაშიბასილაია – პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს
შემდეგი სტატიაპენიტენციური სააკაშვილზე – სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის