მიხეილ სააკაშვილის საკითხს მუდმივად ვაყენებთ პარტნიორებთან შეხვედრებზე, ის უნდა გაათავისუფლონ-ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “მთავარ არხთან” ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ისინი მუდმივად აყენებენ მისი პატიმრობის საკითხს პარტნიორებთან შეხვედრებზე:

“დამერწმუნეთ, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საკითხს ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ყველა შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ის უნდა გაათავისუფლონ, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლეს. მისი საპყრობილეში ყოფნა სრულიად უსამართლო და არასწორია, ეს კარგად არ „მუშაობს“ საქართველოს იმიჯზე მსოფლიოში. ჩვენ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რომ ეს პოზიცია ყველას მივაწვდინოთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერები, როცა ეს მოხდება. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან სწორი ქვეყნისთვის, რომელმაც აირჩია თავისი მომავალი ევროკავშირში, რომელიც დასავლური ღირებულებების დეკლარირებას ახდენს და ადამიანის უფლებებს იცავს.” ამბობს უკრაინელი მაღალჩინოსანი.

რუსეთი დღესაც კლავს უკრაინელებს. ამიტომ დღეს რუსეთის მხარეს გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეხმარება მათ სანქციებისთვის თავის არიდებაში გაუგებარია, მაშინ როდესაც მთელს ევროპაში აუქმებენ რეისებს, რუსეთისთვის ხურავენ საჰაერო სივრცეს – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “მთავარ არხთან” ინტერვიუში და საქართველოში მასობრივად ჩამოსულ რუსებზე მიუთითებს, რაც მისივე თქმით, საფრთხისშემცველია:

“მათ შორის არიან არამხოლოდ ისინი, ვინც პუტინის რეჟიმისგან გარბის, არამედ პუტინის იდეოლოგიის მატარებლები. ეს ხალხი ჩამოდის დასასვენებლადაც. გაგახსენებთ ვინ არიან ისინი და რა ხდებოდა უკრაინაში ცოტა ხნის წინ: ჩვენმა დაზვერვამ მოიპოვა რუსი სამხედროების ჩანაწერები ბუჩასა და ირპინიდან, როგორ ესაუბრებოდნენ ისინი თავის მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს. რუსი ოკუპანტები, როგორც ჩვეულებრივ ამბებს ისე უყვებოდნენ თავიანთ ახლობლებს როგორ კლავდნენ, ძარცვავდნენ. ოჯახის წევრები აღშფოთების ნაცვლად მათ იმ ნივთების ჩამონათვალს აწვდიდნენ, რაც უნდა წამოეღოთ უკრაინელების სახლებიდან. თუკი ზრდასრული ადამიანები ასე მშვიდად საუბრობენ ქალების, კაცების, ბავშვების მკვლელობებზე, რამდენად ნორმალური შეიძლება იყოს მათი ოჯახები, როგორი ბავშვები გაიზრდებიან მათ სახლებში? ამის შესახებ მართლა უნდა ვილაპარაკოთ. მათ არ შეუძლიათ აქ მშვიდად მოკლან და შემდეგ მშვიდად ისხდნენ თბილისის გემრიელ რესტორნებში, ვითომც არაფერი მომხდარა…” ამბობს ერმაკი.

banner
წინა სტატიაშიერმაკი ბანერებზე: ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ ასახავს დამოკიდებულებას ჩვენდამი
შემდეგი სტატიალევან მგალობლიშვილი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა