მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ერთვებიან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ერთვებიან.

კერძოდ, ადვოკატი ამბობს, გუშინ საქართველოს ჰოლანდიელი ექიმი ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინელი მედიკოსების ჯგუფს ელოდებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეხვდებიან და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის ყველა კონსილიუმის წევრს, ვინაიდან მათ დაწერეს დასკვნა და ეს დასკვნა რომ სიმართლეს შეესაბამება ამასაც აღნიშნავს.

ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გუშინ ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი, საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია. მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – თქვა გიორგი გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე – სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ მას ამავე დროს უნდა ჰქონდეს დაცული, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია