მიხეილ სააკაშვილის ძმებს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

ისინი ამბობენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. ასევე, ისინი აპირებენ შეხვედრებს ექიმებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც, ისინი უკვე უწყვეტ საპროტესტო აქციიებს აანონსებენ.

ამბობენ, რომ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება – ისინი 6 მაისს, ბათუმში ჩანიშნულ აქციასაც შეუერთდებიან. კონკრეტული გეგმა და თარიღები კი მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი განმარტავს, რომ ისინი არ ითხოვენ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას და მათი მოთხოვნა მხოლოდ სასჯელის გადავადება და მისი საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანაა.

„ჩვენს გეგმას რაც შეეხება, დრო ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან კიდევ ერთხელ, საპატრიარქოსთან და გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა და შეგვხვდეს, გამონახოს დრო, რათა ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ ძალიან აქტიურად დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ. ეგ არის გამორიცხული, რადგან მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი. თითოეული ადამიანის დუმილი არის მის მკვლელობაში მონაწილეობა. ყველას მოგიწოდებთ, მხარში დაგვიდგეთ, რათა მიშა გადავარჩინოთ“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე -ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში
შემდეგი სტატიაგერმანიის ბუნდესტაგი ადასტურებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისადმი მხარდაჭერას ევროპულ გზაზე