ხელები გაწიეთ და მონებივით ნუ იქცევით, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ესკორტის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ბრალდებულებისთვის განკუთვნილ სპეციალურ, შემინულ ადგილას დგას.
აღნიშნულის შემდეგ, სააკაშვილს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა უთხრა, რომ „წესები არსებობს“, რაზეც მას მესამე პრეზიდენტმა უპასუხა: „თქვენ უწესოები ხართ“.
ბუგიანიშვილმა მას კვლავ შენიშვნა მისცა და გააფრთხილა რომ წესრიგი დაეცვა.
ამის შემდეგ, მან სააკაშვილს მიმართა კითხვით განემარტა თუ არა მას უფლებები.
„განმემარტა, რომ არანაირი უფლებები არ მაქვს“, – უპასუხა მოსამართლეს სააკაშვილმა, რის შემდეგაც მას ბუგიანიშვილი კვლავ ჩაეკითხა, „ეს როგორ უნდა გაეგო“.
„მე გეუბნებით, არანაირი უფლება რომ არ მაქვს, ყველამ იცის“, – განაცხადა სააკაშვილმა, მას მოსამართლემ დაბრძანებისკენ მოუწოდა.
„რას ჰქვია დავბრძანდე?! სკოლაში კი არ ვარ! დგომის უფლება მაქვს, ნუცას სკოლა კი არაა!”- განაცხადა სააკაშვილმა. მას მოსამართლემ კვლავ შენიშვნა გამოუცხადა.
„ერთმანეთს ვცეთ პატივი, შემიძლია სანქცია გამოვიყენო“, – მიმართა ბუგიანიშვილმა მესამე პრეზიდენტს.
„თქვენ არანაირ პატივს არ გცემთ. კარგად დაიმახსოვრეთ ამ კაცის სახელი და გვარი”,- განაცხადა სააკაშვილმა.
მოსამართლემ მას განუმარტა, კიდევ ერთი რეპლიკას თუ იტყოდა, გაძევებული იქნებოდა სხდომათა დარბაზიდან. ამის შემდეგ ბუგიანიშვილმა მას კითხვით მიმართა, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ.
„ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“, – განაცხადა სააკაშვილმა, მას მოსამართლემ კვლავ შენიშვნა მისცა და უთხრა, ეპასუხა კითხვისთვის.


















