მიხეილ სააკაშვილი – ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას

დეპარტამენტმა, იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი.

სააკაშვილის თქმით, ამის შესახებ მას მე-18 დაწესებულების თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ წყვეტს ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შეწყვეტს პროტესტს, ვიდრე არ შესრულდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებები, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურ დაშვებას.

„დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განმარტა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა ყველა კონსილიუმის მიღებაზე, გარდა ალტერნატიულისა.

„მან უარი თქვა კონსილიუმის მიღებაზე და ყველა მკურნალობაზე. ყველა კონსილიუმზე უარი თქვა ალტერნატიულის გარდა. მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს ვერნიკეს დაავადების გაუარესება. ვთხოვ იურიდიულ დეპარტამენტსაც, მიიღოს შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს: რასაც 2012 წლამდე ქართველ ხალხს ჰკადრებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ?!
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა