საქართველოს მესამე პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტს ეხმაურება და ამბობს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ომი სამეზობლოში, საქართველოსთვის არის კატასტროფა. მისივე თქმით, სეპარატიზმის მხარდაჭერა დაუშვებელია:
ქართველ სომხებს მე არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის არსებობის საფუძველი, ჩვენი სახელმწიფოებრივი მრწამსი, ჩვენ ვერსად ვერასდროს ვერ დავუჭერთ მხარს სეპარატიზმს..
ასეთი საკითხები შეიძლება გადაწყდეს მოლაპარაკებით, ომზე მეტად არ მეზიზღება არაფერი, სამეზობლოში ომი არის ჩვენთვის კატასტროფა – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარ აქცენტებში” საუბრისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი სამეზობლო კონფლიქტში საქართველოს როლზეც საუბრობს და ამბობს რომ ჩვენმა ქვეყანამ ავტორიტეტი დაკარგა და დღეს, საქართველოს ხელისუფლების სიტყვას საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფასი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” დამარცხებისა და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო მის რეგიონულ მნიშვნელობას და ლიდერობას დაიბრუნებს.