მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში უკრაინის ელჩი არის მექრთამე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.

სააკაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინის ელჩის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.

„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას.

ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე.

დღეს ის მრისხანე რიტორიკით დამატყდა მე თავს იმის გამო, რომ მე ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. თურმე, ეს აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს.

უკვე მრავალი თვეა, ორი უკრაინელი კაპიტანი დიაჩენკო და ხომიჩი, ასევე უკრაინული წარმომავლობის ქართველი მიხაილ ბატურინი ჰყავს უკანონო ტყვეობაში ქართულ ხუნტას, რომელმაც, როგორც სომალელმა მეკობრეებმა, დაიჭირა ისინი ზღვაში და ცდილობს, რამე აღიარება გამოსძალოს. ბატონმა დოლგოვმა თითიც კი არ გაანძრია, რათა აღეკვეთა და შეეჩერებინა საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედებები და შემოიფარგლა მხოლოდ კონსულის ფორმალური გაგზავნით სხდომაზე და პროკურატურაში. ახლა ის ბედავს ამგვარი განცხადებების გაკეთებას.

ვეუბნები მას, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს. მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოში. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს ელჩი მექრთამე და კორუფციონერია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინული ინტერესების დაცვასთან, როგორც ეს კარგად აჩვენა ოდესელი მეზღვაურების კონკრეტულმა შემთხვევამ და რომელიც უკვე დიდი ხანია, მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ჩინოვნიკების მრავალ ადგილობრივ კორუმპირებულ ინტერესთან. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის ამ კონკრეტულ ელჩს, არამედ მთელ მსოფლიოში უკრაინის საკმაოდ ბევრ დიპლომატს, რაც უკრაინული დიპლომატიის ეფექტიანობის შემცირების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში უკრაინის პოზიციების დისკრედიტაციის და შესუსტების პირდაპირ პროპორციულია.

დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს პროტესტის გამოხატვისა და „უკანონო“ დემონსტრაციებისკენ და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა ორი მაიდანი, რომლებზეც უკრაინელმა ხალხმა გამოხატა პროტესტი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ?! ის ჩვეულებრივი საბჭოთა ფუნქციონერია, რომელიც რატომღაც შეიპარა და მოხვდა მაიდანის შემდგომ უკრაინელ ჩინოსნებს შორის.

ამ სამარცხვინო ელჩის ვიდეოინტერვიუ დღეს გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, რომელსაც „გაზპრომის“ უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი მართავს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პოლიციამ 55 ქართველი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით, იტალიასა და საფრანგეთში სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს მოქალაქეები დააკავეს