მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი

საქართველოში დასაბრუნებელი არის წესრიგი, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, შეუძლებელია, ასე მაფიოზურად იმართებოდეს ქვეყანა.

„საქართველოში არის დასაბრუნებელი წესრიგი. წესრიგი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მაგრამ წესრიგი არის აღსადგენი, რადგან სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის, პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური სინდიკატი უნდა დაიშალოს, რადგან შეუძლებელია, ქვეყანა იმართოს ასე მაფიოზურად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხალხი კარგავს სამუშაობეს, იკარგება მათი ბიზნესები. სააკაშვილის თქმით, აღდგება სამართლიანობა და საქართველოში დააბრუნებენ სამუშაო ადგილებს.

„თავის დროზე, მე საქართველო გამოვიყვანე სიღარიბიდან და უბედურებიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაბრუნებთ საქართველოში კეთილდღეობას. ჩემი პრეზიდენტობის დროს, უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე გავიდოდა. ახლა გავიდა ორი მილიონი ადამიანი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავდროულად, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ჯერ კიდევ იქნება დიდი პროვოკაციები რუსული რეჟიმის მხრიდან“.

„მე თავის დროზე ვიყავი ევროპული ტრიოს ინიციატორი, მე შევკარი მაშინ ერთად უკრაინა და მოლდოვა, საქართველომ შეკრა და როცა იძახიან, საქართველო იყო ფლაგმანი რეფორმებშიო, რატომღაც ჩუმად არიან, ვინ შექმნა ეს წარმატება, თუ არა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. გეგონება, ჩვენ არ ვარსებობთ და მარტო ვახსენდებით, როცა რაღაც შეცდომები და გადაცდომები ახსენდებათ. ის, რომ ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ორი მთავარი რეფორმატორი, საქართველო გამოვიყვანეთ წარმოუდგენელი ჭაობიდან, სასწრაფოდ ჩაფარცხეს და ამაზე აღარავინ ლაპარაკობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, წინა არის დაძაბული რამდენიმე თვე, თუმცა ეს არის ის თვეები, როცა გადაწყდება, საქართველო დარჩება თუ – გაქრება.

„ჩვენ უნდა დავრჩეთ აქ, ჩვენი ქვეყანაა ეს. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადამერჩინა, გავწირე ჩემი სიცოცხლე და ჩამოვედი აქ, გადავდე ჩემი სიცოცხლე ყველანაირ უბედურებაზე და კიდევ ველი უამრავ უსიამოვნებას“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს