მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსანდრ კოვალჩუკმა მოინახულა

როგორც რადას დეპუტატმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი თვალით იხილა, რომ მდგომარეობა კრიტიკულია.

„ამ შეხვედრას რამდენიმე დღეა, ვცდილობდით და ძალიან კარგია რომ ის შედგა, რადგან ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ, რომ სიტუაცია, ვიტყოდი, რომ კრიტიკულია. პირველ რიგში, ეს ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიხეილი როდესაც გვესაუბრებოდა, ის ეყრდნობოდა კედელს, ჩანდა, რომ ძალა ძალიან ცოტა აქვს. ჩანს, რომ შიმშილობის 30 დღეს უკვალოდ არ ჩაუვლია. ყველაზე საშინელებაა და მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ კარგავს ადამიანი ძალას, თუმცა არსებობს შინაგანი ძალები, რომლებიც აძლევენ მას შესაძლებლობას, გააგრძელოს ბრძოლა. რატომ არის ეს ბრძოლა – რადგან, ჩვენ ამ დრომდე არ გვესმის, რატომ არ აცხადებენ სასმართლოს თარიღს, რატომ არ შედგა სასამართლო, რატომ არ ამბობენ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. შესაბამისად, მას ასევე არ აქვს პასუხები. მას რატომღაც არ აქვს ტელეფონზე საუბრის შესაძლებლობა. ყველას აქვს ციხეში საუბრის საშუალება და მას არ აქვს, ყველა სეირნობს გარეთ და ის – არა. როგორც გავიგეთ, ბევრმა პატიმარმა მხარდაჭერის ნიშნად ასევე გამოაცხადა შიმშილობა. მას ასევე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევხდით, რომ დავინახეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად ცუდადაა. შემდეგი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, არის შესაბამისი მკურნალობა, შემოწმება ნორმალურ საავადმყოფოში, რომელსაც აქვს აღჭურვილობა, სადაც არიან ექიმები, არის მედიკამენტები და რაც შეიძლება მალე მისი უკრაინაში დაბრუნება. ჩვენ გვაქვს გარკვეული გზავნილები, რომლებსაც ჩავიტანთ უკრაინაში“, – განაცხადა რადას დეპუტატმა.

ჟურნალისტებმა კოვალჩუკს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის პოზიციის შესახებ.

„ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, უმაღლესი რადადან ახლა გროვდება ხელმოწერები. არის დოკუმენტის ტექსტი, წერილი, რომელიც გაიგზავნება უახლოეს მომავალში საქართველოში უკრაინის პარლამენტისგან, შეგროვდება ხელმოწერები და იქ მკაფიოდ იქნება გამოთქმული პოზიცია, თქვენ ყველა წაიკითხავთ და ყველაფერს ნახავთ“, – განაცხადა კოვალჩუკმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ცვლილებებისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა
შემდეგი სტატიაზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს