ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას, მე ასევე ძალიან მომწონს სახალხო მთავრობის და სახალხო პარლამენტის იდეა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვაჟა სირაძე იმიტომ გამოვიდა ფორმით პირველად, რომ რიგითი პოლიციელების ხალხის მხარეზე გადასვლის ძალიან ეშინიათ. რაც მეტი ზეწოლა იქნება ხალხის მხრიდან, მით მეტად გაიზრდება პოლიციის მიერ უკანონო მთავრობის ბრძანების არშესრულების შესაძლებლობა.
ასევე მინდა, მოვუწოდო მედიას, ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და არჩევნებში დამარცხებულ „მთავრობას“ მთავრობას. ისინი არიან თვითმარქვია პრემიერი და თვითმარქვია მთავრობა. ასე ეძახიან მადუროს და ლუკაშენკოს მსოფლიოში. ჩვენც თუ შემოვიტანთ ამ ტერმინებს, სულ მცირე ევროპული ქვეყნები აიტაცებენ.
ჩვენ ხომ ასე ვეძახით აფხაზი სეპარატისტების საოკუპაციო რეჟიმს „თვითმარქვია პრეზიდენტს“ და „თვითმარქვია მთავრობას“, ასევე უნდა მივუდგეთ თბილისის რუსულ რეჟიმს.
მე ასევე ძალიან მომწონს სახალხო მთავრობის და სახალხო პარლამენტის იდეა.
ნიშანდობლივია, რომ პროტესტს გაუჩნდა თავისი საკუთარი სიმბოლო – გაყალბების შავი ლაქა. ყველა წარმატებულ მოძრაობას სჭირდება თავისი სიმბოლო.
პირდაპირი პარალელი არაა, მაგრამ ვარდების რევოლუციის სიმბოლო იყო ხუთჯვრიანი დროშა, რომელსაც აქტიურად ებრძოდა შევარდნაძის ხელისუფლება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.