მიხეილ სააკაშვილი – ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილი სუსტადაა.

„მისი სხეული შესამჩნევად დაუძლურებულია, უჭირს დილით გაღვიძება, აქვს სისუსტე კიდურებში, სახსრებში, გადაადგილების პრობლემა“, – აცხადებს გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილს ერთადერთი ასულდგმულებს მისი შემართება და მისი ფსიქიკა მძლავრობს.

„სააკაშვილს ორჯერ დასჭირდა რეანიმაციული ჩარევა და რამდენჯერმე ვთქვით, სახიფათოა თითოეული წუთი. არის პიკები, ჩავარდნები და უცაბედად ხდება ცუდად. მიუხედავად ამისა, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, სააკაშვილმა ყველას მოუწოდა არჩევნებში წასვლისკენ და მერობის კანდიდატებს შეუთვალა მოკითხვა.

„მას ძალიან მოსწონს და ბედნიერია იმით, რომ მისთვის წარსულში მიუღებელი პოლიტიკური პარტიები და ვისთვისაც თვითონ არის მიუღებელი – ყველამ შეძლო კონსოლიდაცია. მადლობას უთვლის ამის გამო“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია უარყოფს, რომ სააკაშვილი კანფეტებს იღებს და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს ციხეში ჩაატარა ექსპერიმენტი.

„სააკაშვილი ჭამს და კანფეტებს იღებს, ეს არის აბსურდი. ჩავატარე ექსპერიმენტი, ვთხოვე, ეჩვენებინა, რას იღებს. მეტიც, მან გადმომაწოდა ეს ტაბლეტი. მე რა თქმა უნდა, გარეთა არ გამომიტანია, რადგან შინაგანაწესის დარღვევა იქნებოდა. ეს არის ვალიდოლის ზომის ტაბლეტი, რომლსაც აქვს ცარცის უსიამოვნო გემო. ეს თუ ჭამაა, მაშინ მოვუწოდებ „ქართული ოცნებას“, მოშიმშილე ქვეყანაში ქამრები შემოიჭირონ და თავადაც ასეთ კვებაზე გადავიდნენ. მე რომ გადმომაწოდა ტაბლეტი, ბადრაგმა ჩამომართვა, სწორად მოიქცა, ეს სრულიად ნორმალურია, საყვედურს ვერ ვეტყვი. ეს ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ სააკაშვილის თითოეული წუთი, მისი გადაადგილება ყველა კვადრატულ სანტიმეტრზე, მათ შორის სანკვანძში, კონტროლდება და როგორ წარმოუდგენიათ, რომ ის იქ რაღასაც ჭამს და ამას ვერავინ ხედავს“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიას თქმით, ციხიდან მისთვის გამოტანებულ წერილში აღნიშნავს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანაზე უარს აცხადებს.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილს არ აქვს პრეტენზია კონსილიუმის წევრებისადმი.

„რაც შეეხება ასევე კონსილიუმს, მიხეილ სააკაშვილი ღრმა პატივისცემას და სრულ ნდობას გამოხატავს ექიმების მიმართ, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და მივმართავთ პირდაპირი ეთერიდან ცენტრ „ემპათიას“ და ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს, იმას, ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავთ თხოვნით, რომ გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით და თუ სურთ იმ ექიმებს მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმშიც არის, დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსილიუმის ჯგუფში. ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი, სხვათა შორის გაურკვეველია, რატომ იღებს რა კვალიფიკაცია აქვს ამისი, სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ამ ადამიანებს უკვე აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, წინასწარ ამას არც მალავენ და სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არც ერთი ექიმის რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის წერილების გამოტანის საშუალებას მხოლოდ ადვოკატებს აძლევენ და არა დანარჩენ პირებს.

„ახალი შეზღუდვები არის, არის ყველაფერი დაგმანული და ორ ბოქლომზე. შესაბამისად, უკვე მისი გამოსახულების ნახვის უფლებაც არ გვაქვს. სამაგიეროდ, ციხის წინ რა ხალხიც მოდის, საბედნიეროდ, მათ გამოსახულებას კარგად ვხედავთ. არ გვაქვს მისი მოსმენის შესაძლებლობა, რადგანაც სასამართლოში არ მიჰყავთ. ახლა გადაწყვიტეს, რომ მისი მონაწერი, უკაცრავად ბატიფეხური წერილების გამოტანის უფლებაც არ გვქონდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი პასუხია. ამ ყველაფერს კი არ ვიმახსოვრებთ, კი არ ვინიშნავთ, ვაოქმებთ და საქმეში ვაკერებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წინა სტატიაშიკახი კალაძე: „ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი დაანებოთ“
შემდეგი სტატიაგოგა გულორდავა: სოფლის სკოლებში ხატვის და ინგლისურის უფასო წრეები იქნება