(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი : “მეორე ტურის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია”

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება. სააკაშვილი ამბობს, რომ მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ყოფილი პრეზიდენტი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აკრიტიკებს და მათ ფსევდო ოპოზიციას უწოდებს.

“გაყალბებული და მანიპულირებული არჩევნების შემდეგ ივანიშვილი ცდილობს დანერგოს უიმედობა, განხეთქილება, ინტრიგები. მას ეს არ გამოუვა, რადგან ჩვენ გვინახავს უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით რა არის პროგრესი, აღმშენებლობა და ჩვენ კარგად გვახსოვს თუ რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია როდესაც ერთ მუშტად ვართ შეკრული.

ამიტომ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, სახელმწიფო დაწესებულებები, უნდა გამოვიყენოთ ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა პოლიტიკური საქმიანობის, პროტესტის, აზრების გამოხატვის. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ, რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას.

საქართველო ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, ამიტომ, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც იბრძვის, მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, ჩვენ მათ შორის მეორე ტურის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ ჩვენი აქტიურობით, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია.

ჩვენ უნდა ვუთხრათ ასევე იმათ, ვისაც უღალატეს, იმ პარტიებმა, რომელთაც მათ ხმა მისცეს, ჩვენ ამაზე წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ ქონდათ, მაგრამ მათმა ამომრჩეველმა არაფერი არ დააშავა და ვფიქრობ, მეორე ტური არის ასევე ამ ამომრჩევლისთვის მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება,”- აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ბრძოლა არ მთავრდება არც მეორე ტურით და არც ამ გაყალბებული არჩევნებით.

“ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად უფრო სწრაფად მოვიშორებთ ამ უბედურებას, ვიდრე ბევრს გონია. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ძალებში, იმაში, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ. ჩვენ გვყავს საქართველოში უამრავი მომხრე, გაყალბებული ბიულეტინების, მანიპულაციების გათვალისწინებით 600 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა ამ არჩევნებზე მხარი. ეს არ არის ცოტა საქართველოში, ძალიან ბევრია. მინდა თითოეულ ადამიანს უთხრა მადლობა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მომავალშიც თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი და ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს თქვენი იმედი, როგორც არასდროს,” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=bQ5GI2BzmCg&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიდავით რაქვიაშვილი : ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას
შემდეგი სტატია(VIDEO) რუსეთს, სკოლაში ჩახოცილი 20 სირიელი ბავშვის გამო, ჰააგა ელოდება