მიხეილ სააკაშვილი: მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში თუ შევიდა, მხოლოდ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულების ხარჯზე შევა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ისინი ვინც მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ადარებს, ძალიან ცდებიან.

“დღეს როგორც მითხრეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვა. თავი დავანებოთ იმას, რომ ეს კაცი ალბათ მხოლოდ ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, თუ რა თქმა უნდა საერთოდ შერჩება. ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, მიღებულია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის, მისი დაშინებული, ხავსმოჭიდებული, უუნარო ხელისუფლების მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ გზა დამიკეტოს საქართველოს არჩევნებში კენჭისყრისკენ. მინდა ყველას შევახსენო, ვინც პარალელს ავლებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთემვასა და დღევანდელ გადაწყევტილებას შორის – ივანიშვილს, მას შემდეგ, რაც მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, და შეუწყდა საქართველოსი, ეგრევე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობის აღება და როცა ამაზე ცივი უარი თქვა, კონსტიტუციაც კი შვეცვალეთ რათა არავის ეთქვა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ვუშვებთ არჩევნებზე და მივეცით ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მის დაპატირმებას აპირებდნენ, ის იძულებული გახდა უკრაინაში წასულიყო, სადაც ისევ ქართული სახელმწიფოსთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებს.

“ჩემი სიტუაცია იყო სრულიად განსხვავებული. თავიდანვე თქვეს, რომ მე აუცილებლად დამაპატიმრებდნენ. ასე თქვა მათმა სპონსორმა პუტინმა, მედვედევმა და ეს არაერთხელ თქვა მათ მიერ დაფინანსებულმა და წახალისებულმა ივანიშვილმა. ამ ფონზე, იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის, რაც მიდის საქართველოში. ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის, იმპერიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის. უკრაინის გადარჩენა და წარმატება დღეს არის საქართველოს წარმატება და გადარჩენა. დღეს მე და ჩემი მეგობრები აქ ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ვემსახურებით საქართველოს მომავალს. მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას. ვერავინ დამაკარგვინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებალდ დავბრუნდებით და ყველანი ერთად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: წარსულში, სტრასბურგში, სასამართლო შეფასებული იყო, როგორც გამაოგნებელი და დასაგმობი
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სააკაშვილმა ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება მოქალაქეობაზე უარის თქმით გამოხატა