მიხეილ სააკაშვილი: ყველას, ვინც გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართავს და აცხადებს, რომ ყველას,“ ვინც მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება“, ხელშეუხებლობის გარანტია მიეცემა.

როგორც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რევანში და ვინმეს მიმართ რეპრესიების განხორციელება არ სურს.

„მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება, რომ ყველას ვინც ახლა გამოვა და მოყვება იმას, თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების და შემდეგი ხელისუფლებების მიერ.

ამაში ვარ დარწმუნებული და მინდა ამ წუთებში, უახლოეს დღეებში ყველა დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი, ნებით თუ უნებლიედ რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის სიმართლის თქმა. ბოლოს და ბოლოს, ყველა ქართველები ხართ. ნამდვილად არ გვსურს არავისზე რევანში, მე ნამდვილად არ მსურს, რომ ვინმეს მიმართ რამე რეპრესიები განხორციელდეს, თუნდაც ეს იყოს კანონით დამსახურებული, მაგრამ ახლა, სანამ გვიან არ არის, დადექით ხალხის მხარეს, ეს არის ისტორიისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ადამიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვიმოქმედებთ, სანამ ივანიშვილი არ აღიარებს და არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს“, -განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სუს-ში დავასახელე ისინი, ვინც დესტრუქციული სცენარისთვის იყვნენ მომზადებული
შემდეგი სტატიავაკის საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ