მიხეილ სააკაშვილი – ხელისუფლებამ კირკიტაძეს რუსთავში არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება ვერ აპატია

ძალიან მალე დათო კირკიტაძე იქნება თავისუფალი, ისევე, როგორც საქართველო იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ კირკიტაძეს რუსთავში არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება ვერ აპატია.

„მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც მოხდა დავით კირკიტაძესთან მიმართებაში. რეალურად, სრულიად მოგონილი ბრალდებით, რომ როდესაც დემონსტრაციას ავტობუსით უკანონოდ გადაუკეტეს გზა, მან ავტობუსის ფანჯარას ჩაარტყა ფეხი ისე, რომ ფანჯარაც არ დაუმტვრევია და ვიღაც პოლიციელი ამბობს, რომ კირკიტაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო კიდევ ორი თვით გაუგრძელეს პატიმრობის ვადა. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი საორგანიზაციო სტრუქტურის ხელმძღვანელი, პრაქტიკულად, პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ჩვენი რეგიონალური მდივანი აღმოჩნდა ციხეში. ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი არის ციხეში, დათო კირკიტაძე არის ციხეში, მე ვერ შევსულვარ ქვეყანაში და ოპოზიცია არის ასეთ მდგომარეობაში. დათო კირკიტაძე არის გაბედული და მაგარი ადამიანი, მე ქედს ვიხრი მისი გამბედაობის წინაშე. ძალიან მალე დათო იქნება თავისუფალი, ისევემ როგორც საქართველო იქნება თავისუფალი. მათ ვერ აპატიეს დათოს ის, რომ მიუხედავად ყველა გაყალბებისა და მანიპულაციებისა, დათოს ხელმძღვანელობით რუსთავში მაინც მოვიგეთ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურიც. დათო კირკიტაძემ ამაში მთავარი როლი ითამაშა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმეზობლების ინფორმაციით, ხილიანზე ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი საკუთარ დედას ფიზიკურად გაუსწორდა
შემდეგი სტატიადაღესტანში სკოლა დაიწვა