მიხეილ სააკაშვილი – “ივანიშვილი და ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები.”

მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ადარებს ევროპულ დემოკრატიასა და აზიურ დესპოტიას.

“თუ რა განსხვავებაა ევროპულ დემოკრატიასა და აზიურ დესპოტიას შორის, კარგად შეგვიძლია დავინახოთ პაკისტანისა და საფრანგეთის მაგალითზე. პაკისტანში ყოფილი პრემიერის – იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს და ჩვენს კარგ ნაცნობს, ნიკოლა სარკოზის, რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის დროს, ქრთამის აღებისთვის 12 თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ის არ დაუპატიმრებიათ, იქამდე სანამ გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობდა. გუშინ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, ოღონდ პატიმრობის ვადა რამდენიმე თვით შეამცირა. ასე რომ, სარკოზი რამდენიმე თვეს თავის ოჯახთან ერთად, კომფორტულ სახლში, პარიზის ცენტრში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

მე ივანიშვილის პროკურატურა ფარცხალაძის მომზადებული საქმის საფუძველზე ფულის სახლში წაღებასაც კი არ მედავება, არამედ “გაფლანგვას” და თან ისეთ ხარჯებზე, რომელსაც დღევანდელი მთავრობა ბევრად უფრო დიდი მასშტაბით სწევს.

ივანიშვილი და ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ჯერ-ჯერობით ექცევიან, როგორც პაკისტანელები. იმედია, ეს შეიცვლება. ყველა გამოკითხვით, მათ შორის, ამ საკითხშიც, ქართველები ევროპულ მიდგომებს ირჩევენ,” – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქსა და ზოგიერთ რაიონში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ამერიქან მონოლითი“ ტერმინალს აფართოებს