21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: იძახიან, მიშა და ბიძინა ერთიაო, რა სისულელეა, ივანიშვილი დგას ფულზე, ძალადობაზე და დაშინებაზე

მე არავინ მომიხსნია და არავინ დამინიშნავს – იძახიან, მიშა და ბიძინა ერთიაო, რა სისულელეა, ივანიშვილი დგას ფულზე და ძალადობაზე – ერთი მითხარით, რომელი თქვენგანის მიმართ ვიძალადე? – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს “თავზე ადგას დიქტატურა”.

“რუსებმა წააგეს უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და აგებენ უკრაინაში. ჩვენ დაგვრჩენია ის, რომ ჩავჯდეთ ამ ლოგიკურ ჯაჭვში და ამ დროს რითი ვართ დაკავებული?

რუსეთი იწვის, ნახეთ მოსკოვში როგორ აფრინდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახურავი. ზუსტად ასე ხუფივით არის მომჯდარი ეს რეჟიმი საქართველოს დღეს. ზუსტად ასე ადგას ივანიშვილის სასახლე თბილისს, ისევე, როგორც ეს დიქტატურა ადგას საქართველოს და მის მოშორებას სჭირდება მხოლოდ შიდა თუხთუხი. თუ დააკვირდებით, როგორც ამ სახურავმა (მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის) ვერ გაუძლო წნევას და მოძვრა. არის თუ საზოგადოების თუხთუხი საკმარის დონეზე? ეს თუხთუხი არ არის ზოგადი წნევა, ეს არის თუხთუხი უსამართლობაზე, საქართველოს ღირსების დაკნინებაზე, კორუფციაზე, სიღარიბეზე… ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვშლით და მინდა დარბაზს ვკითხო, ეს დუღილის ტემპერატურა, ეს სიტუაცია გაკმაყოფილებთ? ალბათ, არა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ისაუბრა ოპოზიციის შესახებაც.

“დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს? ჯერჯერობით არა….რანაირად უნდა დაამარცხო დიქტატურა, როცა პარტიები თავს იმით იწონებენ, რომ დიქტატურამ მათ უფრო მეტი პროცენტი დაუწერა, ვიდრე “კონკურენტ ოპოზიციას” გაყალბებულ არჩევნებში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ისაუბრა უშუალოდ “ნაციონალურ მოძრაობაზეც”.

“მე ძალიან მაღალი აზრის ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე. ესენი არიან გმირები, რომელთა თავზე გადაიარა უმძიმესმა რეპრესიებმა, იმიტომ, რომ ისინი არიან ქართული წარმატებული სახელმწიფოს იდეის მატარებელი. ჩვენ გვყავს უმაგრესი ლიდერები. გამოჩნდნენ ინტელექტუალი ახალგაზრდები. მხარდამჭერები გვყავს გაბნეული მთელ მსოფლიოში, პატრიოტი ხალხი, რომელთა კომენტარებს დიდი გულისყურით ვკითხულობ.

არის გარკვეული კომუნიკაციის ჩაწყობა…

ბოლო დღეებში, ისიც გავიგე ზოგიერთისგან, რომ დახურულ წრეში მიიღება გადაწყვეტილებებიო, მიშა იზოლაციაშიაო. მათ შორის ჩემი მეგობრებიც წერდნენ. ნუ მთლად სამართლიანი არ გამოდის, კი იძახის, ერთი ხმა ვარ, მაგრამ ბევრად მეტი ხმა აქვს მის ხმასო და ამიტომ რა, გავჩერდე, გავჩუმდე? პირი შევიკრა, როგორც ზოგიერთი ოპოზიციონერი მომიწოდებს, არ გამოთქვა ჩემი პოზიცია მიმდინარე სიტუაციაზე? მინდა აგიხსნათ დემოკრატიის ანა-ბანა. ამ შემთხვევაში მივმართავ ჩემს თანამებრძოლებს- ლიდერი იმის ლიდერია, რომ მას და მის აზრს აქვს მნიშვნელობა და თუ მის აზრს მხარს არ უჭერ, ის ლიდერი არ არის. მე იმას კი არ ვამბობ, რომ გადავწყვიტე, მე არავინ მომიხსნია და არავინ დამინიშნავს. მე მაქვს აზრი, რომელიც გამოვთქვი და რომელიც შეგიძლიათ გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ. იძახიან, მიშა და ბიძინა ერთიაო, რა სისულელეა, ივანიშვილი დგას ფულზე, ძალადობაზე და დაშინებაზე. ერთი მითხარით, რომელი თქვენგანის მიმართ ვიძალადე?..

“მიშა დიდი ხანია იზოლირებულია, ამიტომ აზრზე არ არის, რა ხდება ქვეყანაში” – ეს იგივეა, თქვა, რომ ნელსონ მანდელა, რომელიც იზოლირებული იყო 30 წელი, მოძველდა, ჯართია, როგორც ერთმა თქვა ადრე ჩემზე, “კაი” კაცია ის. აშკარად გამოსწორდა…

კი მე ვაღიარებ, რომ ჩემი წრე ძალიან შეზღუდულია, ის შემოიფარგლება ციხის თანამშრომლებით, რომელთაგან უმეტესობას აქვს შუშის თვალები, ამიტომ ეს “წრე” შემოიფარგლება ჩემ თავთან დისკუსიით. თქვენ თვალს ადევნებთ ჩემს “ფეისბუქს” და რამე მეტყობა, რომ მარაზმში ვარ გადავარდნილი და ვერ ვხედავ, რა ხდება ჩვენ გარშემო? … და ციხიდან თუ რამე კომუნიკაციამ რამეში ხელი შეგიშალათ თქვენ ძალიან წარმატებულ საქმიანობაში, გაგებლანდეთ ფეხებში?

თანამდებობის გარშემო დავა ძალიან უცნაურია. წარმოიდგინე, რომ შენი ქვეყანა არის გემი, რომელიც მოხვედრილია შტორმში, საჭე აქვს მეკობრეებს, მიიტაცეს ეს სჭე და ამ გემს ძირავენ და ამ დროს ჩვენ თბილისში ვართ, ერთმანეთთან ვკამათობთ. რა დროს თანამდებობებია. საერთოდ, პარტიული თანამდებობის არსებობა და მასზე კამათი დღევანდელ სიტუაციაში არის სრული მარაზმი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქსტატი“: 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 930 ათასი კაცით განისაზღვრა
შემდეგი სტატიაგაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თანამდებობას ტოვებს