მიხეილ სააკაშვილი იბრძვის როგორც მარიუპოლი – „აზოვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბატალიონ „აზოვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ქუფარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ქუფარაშვილი სააკაშვილს სთხოვს, რომ არასოდეს დანებდეს.

თავის მხრივ სააკაშვილის ქუფარაშვილს პასუხობს და მას ჰპირდება, რომ არასოდეს დანებდება.

„ვამაყობ, რომ გიორგი, მათ შორის ჩემი ხელშეწყობითაც, უკრაინის სამსახურში აღმოჩნდა და ამ გმირი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა. ის მარიუპოლიდან მძიმედ დაჭრილი ბოლო წუთს გამოიყვანეს.
გიორგი, მინდა დაგპირდე, რომ არასდროს, არასდროს, არასდროს დავნებდები“, – წერს სააკაშვილი.

რაც შეეხება ქუფარაშვილის განცხადებას, ის ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილს „აზოვისთვის” დიდი წვლილი აქვს გაღებული.

„დღეს მივიღე მიხეილ სააკაშვილისგან პირადი წერილი, რამაც ძალიან გამახარა. მიუხედავად იმისა, რა ვითარებაშიც ის იმყოფება და როგორი პრობლემებიც აქვს ჯანმრთელობის მხრივ, მან შეძლო და წერილი მომწერა, რომელშიც ეწერა ბევრი თბილი სიტყვა, რომ მისურვებს მალე გამოჯანმრთელებას და ლოცულობს ჩემთვის.
ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი პატივია.

უშუალო ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან 2010 წლის დასაწყისიდან მაქვს. 2014 წელს კი, როდესაც უკრაინაში „მაიდანი” და ცნობილი მოვლენები მიმდინარეობდა, ბატონი მიხეილი მუდმივად იქ იყო, მუდმივად ჩადიოდა და მეც მუდმივად თან ვახლდი მას.

2014 წელსვე იწყება ეს ბრძოლები უკრაინაში.
მე, როგორც სამხედრო პირს და თადარიგის ოფიცერს, არ შემეძლო გაჩერება და მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი, როდესაც ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და ვთხოვე, რომ გავეშვი.

თავიდან ბახვა ჩიქობავასთან, ზაზა ბერიანიძესთან და სხვა ქართველებთან ერთად, ეს იყო საქართველოდან ჩამოსული ჩვენი სამეგობრო ჯგუფი, სხვადასხვა ბატალიონებს ვამზადებდით.
შემდეგ ჩვენ გვქონდა ურთიერთობა „აზოვის” მოძრაობის (მაშინ ბატალიონიც კი არ იყო) მეთაურთან ანდრეი ბილეცკისთან, რომელმაც გვთხოვა დახმარება.

მე ბატონ პრეზიდენტს ვთხოვე ბილეცკისთან შეხვედრის ნებართვა, რომ გაგვეაზრებინა, რა შეიძლებოდა „აზოვის” მოძრაობისთვის გაგვეკეთებინა.

შევხვდით ანდრეი ბილეცკის, განვიხილეთ სამოქმედო გეგმა და ამის შემდეგ ვთხოვე ნებართვა მიხეილ სააკაშვილს, რომ „აზოვში” დავრჩენილიყავი, მასთან უკვე აღარ ვყოფილიყავი და გავეშვი, რაზეც თანხმობა მომცა და ამ დღიდან დავიწყეთ „აზოვის” შექმნა.

„აზოვში” მიხეილ სააკაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 2014 წელს „აზოვი” დონეცკთან ახლოს, ილოვაისკთან, სხვა ბატალიონებთან ერთად მოხვდა ალყაში. ალბათ, ყველას გახსოვთ ეს საშინელი ილოვაისკის ალყა, სადაც დიდი რაოდენობით მოხალისეები დაიღუპნენ.

მაშინ „აზოვი” პატარა ჯგუფი ვიყავით, დაახლოებით 200-250 კაცის შემადგენლობით. მოვხვდით ამ ალყაში. როგორც გამოცდილმა სამხედროებმა შევხედეთ (ბახვა ჩიქობავაც იქ იყო), ეს ბატალიონები განწირულები იყვნენ. ამავე დროს მივხვდით, რომ ამ დროს მარიუპოლში არავინ არ იყო, რის გამოც რუსებს შეეძლოთ იქ შესვლა აღლუმით და გაუსვლელად. ამიტომ „აზოვმა” ეს ალყა გავარღვიეთ და ჩავედით მარიუპოლში.
ეს იყო 2014 წელს..

და ამ დროს მუდმივი კავშირი გვაქვს ბატონ მიხეილთან, რადგან ის ძალიან ნერვიულობდა და ჩვენც მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას, რა ხდებოდა.

ამ ალყის გარღვევის შემდეგ ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავკეტეთ მარიუპოლი.
ამ დროს ხდება ის, რომ იმ პერიოდის სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იქ არსებულმა თავდაცვის სამინისტროს და შინაგანი ჯარის ქვედანაყოფებმა დატოვეს მარიუპოლი. და ფაქტობრივად, მარიუპოლი დასაცავი დარჩა „აზოვის” ანაბარად.

250 კაცით კი ამხელა ქალაქის დაცვა შეუძლებელი იყო.
აი, ამ დროს ჩნდება მიხეილ სააკაშვილის დიდი წვლილი. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ პრეზიდენტს და დახმარება ვთხოვეთ – რომ აქედან ხელისუფლება გასვლას აპირებს და 250 კაცით ქალაქს ვერ დავიცავთ.
რა ხდება ამ დროს:

მე და ბახვა ჩიქობავამ დავიწყეთ მარიუპოლის დაცვის გეგმის შემუშავება, დავიკავეთ ახლოს სოფელი შიროკინო, სადაც მაღლობები იყო. მიხეილ სააკაშვილი კი ამ დროს მუშაობდა უკრაინის პირველ პირებთან და მაქსიმალურ წნეხს ახდენდა მათზე, რომ ქალაქი არ ჩაებარებინათ.
ეს შეიძლება ბევრმა არ იცის.

მაშინ დიდი როლი შეასრულა მიხეილ სააკაშვილმა და აიძულა უკრაინის ხელისუფლება, რომ მარიუპოლი არ ჩაებარებინათ.

საბოლოოდ, გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ დაებრუნებინათ ქვედანაყოფები ქალაქის დასაცავად. თუმცა, ისინი როცა მოვიდნენ დაგვიანებით, „აზოვი” უკვე წინა ხაზზე იბრძოდა.
ასე გადაურჩა მაშინ მარიუპოლი მიტაცებას.
მე მინდა გავამხნევო მიხეილ სააკაშვილი. ვუსურვო მას სიძლიერე. ის იბრძვის…
იბრძვის, როგორც მარიუპოლი. მარიუპოლი მინდა შევადარო ბატონ მიხეილს. მარიუპოლივით, ისიც ბლოკადაშია.

ისიც იგივე მდგომარეობაშია, როგორც მარიუპოლი და ისიც მარიუპოლივით იბრძვის იქიდან ჩვენთვის.
ამასწინათ, ჩემთან იყვნენ უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვლებიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეებად, უფრო მოწინააღმდეგეები არიან…

და მათ თვითონ აღნიშნეს, როგორ დააკლდა დღეს უკრაინას სააკაშვილი და თქვეს – ვციტირებ: „დღეს რომ სააკაშვილი აქ ყოფილიყო, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა აქამდე ათჯერ მეტი გვექნებოდა და ეს კატასტროფა არ მოხდებოდა”..

ამიტომ მე ვეუბნები ბატონ პრეზიდენტს: არ დანებდე!.. არ დანებდე!.. არ დანებდე“, – აცხადებს ქუფარაშვილი „მთავართან“ ინტერვიუში.

წინა სტატიაშიბაიდენმა რუსული გემებისთვის აშშ-ის პორტები დახურა
შემდეგი სტატიაბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს