მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი – ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი.

როგორც მან აღნიშნა, 27 და 30 დეკემბერს გამოწერილი ფორმა ასი ერთმანეთის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 30 რიცხვით დათარიღებულ დოკუმენტს ხელს არა ექიმი ნინო გოგორიშვილი, არამედ ვინმე ჯეირანაშვილი აწერს ხელს.

“მთავარი რაც იკვეთება, არის ის, რომ ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი. მე ვნახე ორივე ფორმა ასი, 27-ის და 30 დეკემბრის, ორივე არის იდენტური, ყალბი. დადგენილი ვერნიკეს ენცეპალოპათია არის ამოღებული დიაგნოზიდან. იგი არის ნიველირებული და ჩამოქვეითებული ე.წ. დისმეტაბოლურ ენცეპალოპათიამდე. ამას ექიმები უკეთ ახსნიან.

რაც შეეხება ქალბატონი გოგორიშვილის 27 დეკემბრის ფორმა ასს, 30-ში ეს შედგენილია ზუსტად იგივე შინაარსით. 30-ის ფორმა ასს და გამოწერას ხელს აწერს არა ქალბატონი გოგორიშვილი, როგორც ჩანს, მან მეორედ ამის ხელმოწერაზე უარი თქვა, არამედ აწერს ხელს ვინმე ჯეირანაშვილი. არ ვიცი ეს ვინ არის”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არა გაუმჯობესებული, არამედ გაუარესებულია.

“ეს კაცი არის ვითომ გამოჯანმრთელებული, სინამდვილეში, უარესად არის. მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ დაბრუნდა იგივე წონით, რითაც გავიდა, რაც ნიშნავს, რომ რეფიდინგით არ მომხდარა მისი აღდგენა და არც წონის მატება აქვს. პირიქით, კუნთების მოდუნება აქვს და ასე შემდეგ წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებოდა გორში. გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთადერთი დანიშნულების დაწესებულება, რომ იგი არ მომკვდარიყო და კაპტოპრილით ემკურნალათ, დაეწიათ წნევა მისთვის, მეტი არაფერი მომხდარა”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიცუდად თუ გახდები გზაში, გადაგიყვანთ გლდანშიო – მიხეილ სააკაშვილს გორიდან გადაყვანისას დაემუქრნენ
შემდეგი სტატიაეს ბრძოლა იმდენად დიდი უპირატესობით არის წარმართული შენს მიერ პირველ რიგში მიშა, რომ შეუძლებელია ვერ გავიმარჯვოთ – მელია სააკაშვილს