25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ეს გამოიწვევს ჩვენი მეზღვაურების საერთაშორისო “შავ სიაში” შეყვანას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ არალეგალურ ტანკერზე ქართველი მეზღვაურები დააკავეს. სააკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის პოლიტიკამ ბათუმის საზღვაო აკადემია „კრიმინალური კადრების სამჭედლოდ“ აქცია, რის გამოც ქართულ საზღვაო სექტორს საერთაშორისო სანქციების საფრთხე ემუქრება.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები გარდაუვალს გახდის ქართველი მეზღვაურების ე.წ. „შავ სიაში“ ხელახლა შეყვანას, რისგანაც, მისი თქმით, ქვეყანამ თავი წლების წინ, მისი პრეზიდენტობის პერიოდში დააღწია.

„ყოველგვარი ენის მოჩლექის გარეშე, უდიდესი სირცხვილია ქართველი ერის, რომ უკვე მერამდენე რუსულ არალეგალურ ტანკერზე ევროპელებმა, ამჯერად ბრიტანელებმა, დააკავეს ქართული ეკიპაჟი შეიარაღებული ძალების გამოყენებით.

ბათუმის საზღვაო აკადემია, რომელიც თავის დროზე მე გადავარჩინე, ქოცებმა აქციეს რუსეთისთვის კრიმინალური კადრების სამჭედლოდ. ეს არამხოლოდ გარდაუვალად გამოიწვევს ჩვენი მეზღვაურების საერთაშორისო შავ სიაში შეყვანას, არამედ იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ე.წ. „ქოლცენტრების“ სკანდალში გაეხვია, ახლა მმართველი გუნდის პასუხისმგებლობით საქართველო დამატებით „მეკობრე-მეზღვაურთა მსოფლიო ცენტრად“ ყალიბდება.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე: საქართველოს სულ უფრო მეტად ფლავენ იზოლაციაში
შემდეგი სტატიაAmnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ მოკლე პერიოდში რეპრესიების დახვეწილი არქიტექტურა შექმნა