საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს მიმართავს და ემიგრაციაში დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობების შექმნის ტენდენციას ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით, მხოლოდ გარედან აქტიურობით საქართველოში პროცესების შეცვლა შეუძლებელია, რაზეც ბელარუსის გამოცდილებაც მეტყველებს.
ექსპრეზიდენტი ემიგრანტებს მოუწოდებს, ახალი ორგანიზაციების შექმნის ნაცვლად, კავშირი საქართველოში მოქმედ პარტიებთან დაამყარონ:
„ქვეყნის გარეთ პოლიტიკური პარტიების შექმნა არაფრის მომცემია. მერწმუნეთ, ამას ჩემი გამოცდილება მალაპარაკებს. იყო საზღვარგარეთ და მხოლოდ გარედან აქტიურობით საქართველოში რამე შეცვალო, სრულიად ფუჭი ძალისხმევაა, ამაზევე მეტყველებს ბელარუსის გამოცდილება.
ერთადერთი გზაა, რომ ამოარჩიოთ საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედი პარტიები და მათი პარალელური უცხოური კომიტეტები შექმნათ, გააგრძელოთ ფანდრაიზინგი, ჩაატაროთ ელექტრონული კენჭისყრები სხვადასხვა საკითხზე, აკეთოთ განცხადებები და ემუშაოთ ადგილობრივ ხელისუფლებებს და საზოგადოებრივ აზრს თბილისის დიქტატურის იზოლაციის გასაძლიერებლად“, — წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ აუკრძალა, რომ მათი უკიდურესად ეშინია, თუმცა ამ შიშების გასამართლებლად საერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში გაერთიანებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ისტორიულ პარალელზე ამახვილებს ყურადღებას:
„ივანიშვილმა აგიკრძალათ კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც წარმოუდგენელი უსამართლობაა და ნიშნავს, რომ მას უკიდურესად ეშინია თქვენი. მაგრამ თუ გვინდა, რომ შიშები ბოლომდე გამართლდეს, დაქსაქსვა და ქართული წინააღმდეგობის მოძრაობისგან განცალკევება კი არა, გაერთიანება გვმართებს.
სხვანაირად დაემსგავსებით პირველი რესპუბლიკიდან ემიგრაციას, რომელიც ძალიან დიდხანს ერთმანეთში კონფლიქტობდნენ ძველი ამბების გამო“, — აცხადებს მესამე პრეზიდენტი.
















