“მიხეილ სააკაშვილი არასდროს იქნება საფრთხე ოპოზიციის ერთიანობისთვის”

region
ავტ.: region ოქტომბერი 12, 2020 17:14

“მიხეილ სააკაშვილი არასდროს იქნება საფრთხე ოპოზიციის ერთიანობისთვის”

ამ უაზრო დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებთ, ეს არის დროის ფლანგვა, ჩვენ გაგვაჩნია ბევრად მნიშვნელოვანი ამოცანა და მიზანი – ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებში კანდიდატების დაყენებას, უდუმაშვილი აცხადებს, რომ„ნაციონალური მოძრაობა“ იცავს იმ შეთანხმებას, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობდა. უდუმაშვილის განმარტებით, ეს გულისხმობს თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებას.

„რაც შეეხება გიგი უგულავას დღევანდელ მონოლოგს, რომელიც გავრცელდა, მე ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ჩვენი პარტიის სახელით ადრეც ვთქვი, რომ ამ უაზრო დისკუსიაში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის დროის ფლანგვა, გაგვაჩნია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა და მიზანი – ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება. რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებში კანდიდატების დაყენებას, „ნაციონალური მოძრაობა“ იცავს იმ შეთანხმებას, რომელიც არსებობდა ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს გულისხმობდა თბილისში შეთანხმებას. ჩვენ დღემდე ვიცავთ და ბოლომდე დავიცავთ ამ შეთანხმებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდანვე განაცხადა, რომ რეგიონებში საკუთარ კანდიდატებს დააყენებდა.

„რაც შეეხება ოპოზიციურ კანდიდატებს, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ რეგიონებში ვაპირებდით ჩვენი კანდიდატების დაყენებას, რაც მოხდა. ამიტომ ჩვენ არანაირი შეთანხმება არ დაგვირღვევია და ბოლომდე მივყვებით ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ შეთანხმებას. არ შევდივართ დისკუსიაში, დანარჩენს გვიჩვენებს არჩევნები და 31 ოქტომბერი, ვისი სტრატეგია უფრო გამართლებული იყო. მიხეილ სააკაშვილი არასდროს იქნება ოპოზიციის ერთიანობის საფრთხე. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ ჩვენი საერთო ძალებით ვყოფილიყავით წარმოდგენილები ამ არჩევნებზე, თუმცა, ბუნებრივია, ერთიანობას წინ არაფერი უდგას, „ნაცინალური მოძრაობა“ მუდმივი თავდასხმის ობიექტი არ უნდა იყოს. არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, ვინ არის ამ ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კითხვაზე, „შალვა ნათელაშვილმა მოგიწოდათ, რომ ვანო მერაბიშვილი სიახლოვეს არ გაიკაროთ“, – უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიების საქმეებში არ ერევა და კოლეგებს ურჩევს, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ საქმეებშიც ნუ ჩაერევიან.

„ჩვენ საერთოდ არ ვერევით შალვა ნათელაშვილის პარტიაში, ვინ იქნება და როგორ იქნება, ისევე როგორც სხვა პარტიებში. ამიტომ ჩვენს კოლეგებს ვურჩევდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ საქმიანობაში ნუ ჩაერევიან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა დონეზეა პარტიის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილი ჩართული, უდუმაშვილი პასუხობს: „რა დონეზეც ხედავთ თქვენ ვანო მერაბიშვილის ჩართულობას, ზუსტად იმ დოზით არის ჩართული“.

საუბარია ვიდეომიმართვაზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, მას მეტი მიზანი და იდეა არ აქვს.

region
ავტ.: region ოქტომბერი 12, 2020 17:14