(ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი: მე არ შევეგუები, არ ვაღიარებ უკანონობისა და გაყალბების შედეგებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„გუშინ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური და, როგორც ვვარაუდობდი, ჩატარდა მასობრივი დარღვევების, უხეში გაყალბების პირობებში. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, თუ რა გაყალბები იყო პირველ და მეორე ტურზე. მაგალითად, აჭარაში როგორ მასობრივად გაგვიყალბეს, როდესაც პირველ ტურებში ვიგებდით და შემდეგ ყველა უბნებში წაგვაგებინეს სრულიად უხეში მეთოდებით. ან რაც გაუკეთეს ახმედ იმამკულიევს მარნეულში. ან თუდაც რაც გაუკეთეს სანდრას, რომელმაც ყველა დათვლით 60%-ზე მეტი მიიღო ზუგდიდის რაიონში და ბარიერი არ გადაალახინეს. რაც მოხდა თუნდაც გუშინ დიდუბეში, როდესაც 12.00-დან 5 საათამდე მოვიდა სამჯერ მეტი ხალხი, ვიდრე 12.00 საათამდე. ასეთი რამე არ ახსოვს არჩევნების ისტორიას, ყოველთვის 12-მდე და 5-ის მერე მოდის ძირითადი მასა ხალხის. მსგავსი თავხედი გაყალბები არც დასიზმრებია შევარდნაძის მთავრობას. ეს გააკეთა ივანიშვილმა. ივანიშვილმა საქართველოში გააუქმა ამ ე.წ. არჩევნების საერთოდ არჩევნების ინსტიტუტი“,-აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, „თუ როგორ დავუშვით, რომ ივანიშვილმა გააუქმა არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში“

„2012 წელს მე გადავეცი ხელისუფლება მშვიდობიანად. არა იმიტომ, რომ ძლიერები არ ვიყავით, არა იმიტომ, რომ არ შეგვეძლო სიტუაციის დაჭერა, არამედ იმიტომ, რომ პატივს ვცემ ჩემს ხალხს და ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. იგივეს გაკეთება მოუხდება ივანიშვილს, ვინაიდან ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ახლა ხშირად ამბობენ, რომ უცხოელებმა რატომ არ ამოიღეს მეტად ხმა. ჩვენს მაგირვად ხმას არავინ ამოიღებს. 2003 წელს იყო ბევრი უცხოელი, რომელიც მომიწოდებდა, რომ მეღიარებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები. ყველა მხრიდან მივლიდნენ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს და მას შემდეგ, რაც ხალხი გამობილიზდა, მათმა უმეტესობამ ასევე შეიცვალა აზრი და დაგვიჭირა მხარი. აქ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ წავაგეთ არჩევნები, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ დავუშვით, რომ ივანიშვილმა გააუქმა არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში. 2003 წელს ჩვენ ვიყავით ბევრად უფრო მეტად მომზადებულები, რადგან ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა და წინასწარ გვქონდა მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილი. სამწუხაროდ, ახლა ყველანი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და არსებულ, თავზე მოხვეულ რეალობას შევეგუოთ. პირიქით, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება გადაჯგუფება, რეორგანიზება და ყოველდღიურ ბრძოლაში ჩართვა. მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით, ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე იყო მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ის ციფრები, რომლებიც დაიხატა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ, საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის, დემოკრატიის შემდგომი წინსვლისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო ისევ დავუბრუნოთ დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და მეც ამ ბრძოლისთვის მზად ვარ“,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, ძალიან დიდ საქმეებშია ჩართული უკრაინაში, მაგრამ არც ერთი წუთით არ წყვეტს ფიქრს ქართველ ამომრჩეველზე.

„არ ვაპირებ თითოეული თქვენგანის განსაცდელში მიტოვებას. მე დავუდგები გვერდში ჩემს ხალხს და აუცილებლად დავუჭერ მხარს ჩემს თანამებრძოლებს. ჩვენ ახლა არ გვაქვს თავზე ნაცრის ყრის დრო. როგორც არასდროს საჭიროა ერთიანობა, დასახული მიზნისკენ სვლაში. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან ჩვენი ხალხის ცხოვრების შემდგომი გაუარესება, ეკონომიკის შემდგომი რღვევა, ინსტიტუტების შემდგომი მოსპობა, საქართველოს დამოუკიდებლობის საფუძვლების შემდგომი ჩამოშლა და გამოცლა. რაც გარდაუვალია, თუ ჩვენ მივეცით საშუალება ივანიშვილის შემდეგი 4 წელიც უდარდელად გააგრძელოს და დააჩქაროს ის პროცესები, რომელიც დაწყებული ჰქონდა პირველი ოთხი წლის განმავლობაში. მე მგონი, ყველას გვაქვს გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა და ახლა დრო არის მოქმედების, დრო არის ანალიზისაც, მაგრამ პირველ რიგში, ანალიზის შემდეგ სწრაფი, გადამწყვეტი, მშვიდობიანი პატრიოტული მოქმედების“,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=iXEanS4yqdQ&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშირუსეთში ივან გროზნის ძეგლს თავზე ტომარა ჩამოაცვეს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: იმამყულიევი წინააღმდეგ შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს