მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატი: უნდოდა, რომ იარაღი მხატვრობაში გამოეყენებინა

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმის, მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ადვოკატმა ზაზა მიქატაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც აპირებს.

„ამოღებულია იარაღები, რომლებიც შსს-ს ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი და აქედან ორ იარაღზე მოვიდა დასკვნა შსს-დან რომ ეს ვარგისი იარაღია, რასაც კატეგორიულად ვუარყოფთ და არ ვეთანხმებით. აღნიშნული დასკვნა ალტერნატივის სახით, სამხარაულის ბიუროში იქნება გასაჩივრებული“, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, იარაღები, რომლებიც სამართალდამცველებმა ამოიღეს, ბრალდებულის მამის საკუთრება იყო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადმოცემით, მას რამდენიმე დღით ადრე მამა გარდაეცვალა და სახლის დალაგების დროს, მამის დანატოვარი იარაღები, როგორც თავად უწოდებს, რკინის ნაჭრები აღმოაჩინეს.

მოგეხსენებათ, თავად მხატვარია, ესკიზებს ხატავს. მის ნახატებში ორიგინალურად არის სხვადასხვა სახის ნივთები გამოყენებული და მისი გადმოცემით, უნდოდა, რომ ეს ესკიზები და იარაღი მხატვრობაში გამოეყენებინა. ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ იარაღიდან გასროლა შეიძლებოდა“, – აცხადებს ადვოკატი.

პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მგალობლიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხეების გადატანის ახალი ტალღა – ქვემო ნატანებიდან 10-მდე ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატია,,ევროპული საქართველო” ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს