მიხეილ მაჭავარიანი:აღნიშნული პირები ფარული ჩანაწერების შექმნასთან არიან კავშირში

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები დღემდე თანამდებობებზე რჩებიან.

როგორც მაჭავარიანმა „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, აღნიშნული პირები ფარული ჩანაწერების შექმნასთან არიან კავშირში, დღევანდელ ხელისუფლებას კი, მათ მიმართ კომფორმისტული დამოკიდებულება აქვს.

მაჭავარიანმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მათგანი მუხროვანის აჯანყების ცნობილ ვიდეოში ფიგურირებს.

„ახლანდელი ხელისუფლება თანამშრომლობს ყოფილ სპეცსამსახურებთან, რომელთა ნაწილიც ახლაც თანამდებობებზე არიან. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო შარაძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის ცნობილ ვიდეოში ფიგურირებს, გვერდით უდგას და „ორი გვამი მინდაო“ როცა ამბობს, ის თავს უქნევს. ის იღებს დავალებას და თავს უქნევს. ასევე ხარაზიშვილი, რომელზეც ბევრი იყო საუბარი და რომელიც კრიალაშვილის სპეცოპარაციაში მონაწილეობდა. ის დღეს სუს-ის სპეცრაზმის უფროსია“, – აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე გუშინ დაკავებული სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა.

„ვაჟა ლელუაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა. ის არ დააპატიმრეს, გარეთ იყო. მისი პროცესი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ახლა წარუდგინეს ბრალი. როგორც ვიცი, არც ერთი არ აღიარებს დანაშაულს, არც ლელუაშვილი, რადგან ეს ადამიანი ყავდათ დამწყვდეული ამ პროცესში და როცა დაჭირდათ, გაწირეს. ახლა მიხვდა ალბათ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში მან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

„ბევრად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამაზე რეაგირება, ეს ყვალაფერი რომ გვცოდნოდა“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ფარული ჩანაწერების საქმეზე გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. მათ შორის, კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილია.

ამავე თემაზე: მერაბიშვილი: “ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ, პრემია დიდია” – ინტერნეტში გავრცელებული სკანდალური ვიდეო

banner
წინა სტატიაშითავის თავს უწოდებს ქინძს და სწორემ ამ ბატონი ქინძის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო
შემდეგი სტატიადაჭრილი პოლიციელის ოპერაცია დასრულდა