მიხეილ მაჭავარიანი : 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არის „ქართული ოცნების“ „აღიარებითი ჩვენება“, რომ არ აპირებს დაპირებების შესრულებას

საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით შეკრებას არ აპირებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რა აზრი აქვს ისეთი ბიუჯეტის განხილვას, რომელშიც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არაფერია გათვალისწინებული.

“საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება როდესაც ბიუჯეტის პროექტი შევიდა პარლამენტში და ვთქვით, რომ ეს არის ფაქტობრივად აღიარება იმის, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს არაფრის გათვალისწინებას ბიუჯეტში. ამ ბიუჯეტში არ არის ასახული რაზეც „ოცნება“ საუბრობდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს ეხება პენსიების ზრდას, ინფრასტრუქტუტულ პროექტებს და ა.შ. აქ არ წერია, რომ გაიზრდება პენსიები, არ წერია, რომ უფრო მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს დღეს შეიკრიბოს უმცირესობა და განიხილოს ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც არის „აღიარებითი ჩვენება“ ოცნების“, რომ არ აპირებს დაპირებების შესრულებას”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, უმცირესობა წერილობით გააგზავნის თავის მკვეთრად უარყოფით პოზიციას პარლამენტში და ამ კუთხით დააფიქსირებს პოზიციას 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში განხილვა დღეს სრულდება, რის შემდეგაც პროექტი მთავრობას უკან დაუბრუნდება.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განსაზღვრულია 10 მილიარდ 555 მილიონი ლარით. საბიუჯეტო ზრდა შეეხება განათლების, ჯანდაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა