მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის ელჩს დიპლომატიას უწუნებს

ჩვენ არ გვეშლება არაფერი, არც დამოკიდებულებაში, არც პატივისცემაში და არც ის, ვინ ვინ არის, მაგრამ ელჩს დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ინტერვიუ მიხეილ ყაველაშვილთან – ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა აშშ-ის ელჩის მიმართ ხისტი პოზიციის შედარებით დიპლომატიურად ფორმულირება?

„პირდაპირ გეტყვით, ელჩის განცხადების გამო განცვიფრებული ვარ. მისი მხრიდან იყო დაუფარავი გაღიზიანება და ისეთი დამოკიდებულება, რაზეც არ შემიძლია, არ ვისაუბრო. არ გვეშლება ჩვენ არაფერი, არც დამოკიდებულებაში, არც პატივისცემაში და არც ის, ვინ ვინ არის, მაგრამ დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ. მე ვარ უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გამხმოვანებელი და კითხვები, რომელიც არსებობდა, არ იყო მარტო ჩემი პირადი კითხვები. ეს საზოგადოების კითხვები იყო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამ განცხადებით მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, არის თუ არა მის ღია წერილში ისეთი საკითხი, რაზეც აშშ-ის ელჩის განცხადებიდან პასუხი მიიღო.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მას სურდა, აშშ-ის ელჩს გაეთვალისწინებინა ერთი რამ, რომ საქართველოში არეულობა რომ არ დაიშვა, ყველაზე დიდი დამსახურება იყო ქართული საზოგადოების.

„ყველაზე დიდი დამსახურება იყო მოსახლეობის უმრავლესობის, რადგან იყო მათი მყარი პოზიცია, რომ ხელოვნურად შექმნილ აქციებს, საკუთარი ხელისუფლების დამუნათებას არ აჰყვა და მალევე გაერკვა ვითარებაში. მე ამის მცდელობა მქონდა, ელჩისთვის ამეხსნა, რომ ეს ორმაგი სტანდარტი საჭირო არ არის, რადგან ამერიკულ იდეას ყველა ვეტრფით და გვინდა, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო მყარი იყოს და გაგრძელდეს. ყველაზე აქტიური იყვნენ ადამიანები, არასამთავრობო სექტორს ვგულისხმობ, რომლებიც დაფინანსების კუთხით პირდაპირ არიან დაკავშირებული და სწორედ აშშ-დან ფინანსდებიან. ისინი იყვნენ ყველაზე აქტიური და დღესაც ისინი აქტიურობენ. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სცენაზე იდგნენ და მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდებდნენ, ხელისუფლება მმართველობას უნდა ჩამოვაშოროთო?! ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ და ამ ადამიანების უმრავლესობა აშშ-ის სახელმწიფოსგან ფინანსდებიან“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ საკმაოდ მკვახე განცხადებებს აკეთებს, როცა შესაძლებლობები აქვს და წერილშიც იგივე ნარატივი გააგრძელა.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, არის თუ არა ფაქტი ის, რომ საზოგადოებას კელი დეგნანის მხრიდან ხელისუფლების მიმართ არა ერთი მხარდამჭერი განცხადებაც ახსოვს, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ მისი სურვილი იყო, არსებული ვითარებიდან გამომდინარე სიმართლეზე ღიად ესაუბრა.

„თუ ვემიჯნებით და „ეფესბეს“ ნარატივს ვეძახით, მაშინ ეს გამიჯვნა იმ ადამიანების მიმართ უნდა გაეკეთებინა, ვინც არეულობისკენ მოგვიწოდებდა. სწორედ მათ უნდა მოუწოდოს, რომ ეს იყო რუსული ნარატივი, ნუ ავრცელებენ ამას და ნუ ცდილობენ, რომ არაკონსტიტუციური გზით ეცადონ ხელისუფლების შეცვლას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩს საქართველოში არასწორი დასაყრდენი ჰყავს.

„პირდაპირ მივმართავ ელჩს, რომ მას არასწორი დასაყრდენი ჰყავს საქართველოში. მან საქართველოს უმრავლესობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს და როცა საქართველოს პარლამენტის წევრს, უმრავლესობის მხრიდან არჩეულ დეპუტატს ესაუბრება, მე მგონი, ასეთი დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს, შეურაცხმყოფელია. როცა კითხვები არსებობს, მე მინდა, მან პასუხი გასცეს და იქვე ვუსვამ ხაზს, რომ ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესს. სწორედ ამერიკის იმიჯს აზიანებს ის, რომ ის მხარს უჭერს სწორედ იმ არასამთავრობო სექტორს, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ამოვიდა და ხელისუფლების გადატრიალებაზე საუბარი დაიწყო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, დაეგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიამდინარაძე: მილიონ-ნახევარი დოლარი გამოყვეს იმისთვის, რომ იქნებ, „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება