მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის განხილვაზე ხმაური იყო.

დაპირისპირება მიხეილ კალანდიას მამას, თენგიზ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მირზა სუბელიანის შვილი იკითხებოდა. მოწმის დაკითხვის დროს ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას მიმართა, რომ „მოწმის ჩვენება საკმარისია მისთვის“ და დარბაზი დატოვა.

ზაზა სარალიძის ქმედებას დარბაზში მყოფი თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ზაზა სარალიძეს გაეკიდნენ, რომელიც დარბაზს ტოვებდა.

„მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ.

ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, მათი გაღიზიანება ზაზა სარალიძის ქმედებებმა გამოიწვია.

„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია კონკრეტულმა ფრაზამ. ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას მოწმის დაკითხვის დროს უთხრა, „ეს იყო განაჩენიო“. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რას ეძახის განაჩენს. იმას, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ გამოჩნდა და ის, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რათა მიხეილ კალანდია დაიჭირონ. ესაა განაჩენი? ეს იყო პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას, მით უმეტეს, რომ ამდენი ხანია, ჩუმად ვართ და შეურაცხყოფას ვითმენთ. ჩვენ ხმას არ ვიღებდით, რადგან პატივს ვცემდით გარდაცვლილების სულებს და გადაგვიარა ყველამ თავზე. დღეიდან ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი სამართლებრივადაც და ყველანაირად“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

მომხდარის შემდეგ, მიხეილ კალანდიამ მოითხოვა, ზაზა სარალიძე სასამართლო სხდომებზე აღარ დაუშვან.

„ჩემი ოჯახის წევრების არასახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ დაუშვათ ზაზა სარალიძე სხდომებზე. მისი მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი და ცდილობს, ჩემი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოიყვანოს“, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

საქმის მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებს.

მოსამართლემ ასევე გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და ​წესრიგის დაცვის მიზნით, დღევანდელი სხდომა დახურა. დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ მედია დაიშვება, ყველა დანარჩენს დარბაზი დაატოვებინეს.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“-ს წევრი ყოფილი პატიმრის შესახებ
შემდეგი სტატია“ვინც NDI-ის ესხმის თავს, საკუთარი სისუსტეების, დაუცველობისა და კომპლექსების დაფარვას ცდილობს” – ლორა თონტონი