მიხეილ კალანდიას ძმა : საქართველოში სამართალი არ არსებობს, ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი

საქართველოში სამართალი არ არსებობს- ეჭიდაონ სტრასბურგს! – ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

როგორც ლუკა კალანდიამ აღნიშნა, მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოსამართლე არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ.

როგორც ლუკა კალანდიამ აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„იმედი დიდად არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება, უბრალოდ სტრასბურგამდე როდესაც მივალთ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში და კიდევ რატომ უნდა იჯდეს მანამ, ვიდრე სტრასბურგიდან გადაწყვეტილებას ჩამოვიტანთ”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას მამა – ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლო უკომენტაროდ დატოვა