მიხეილ კალანდიას ადვოკატი გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ფაქტზე შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, გიორგი გახარიასა და მისი მოადგილის, კახა საბანაძის გამოკითხვას ითხოვს.

აღნიშნული შინაარსით თოდუამ გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ამასთან, ადვოკატი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის – „ევროპული საქართველოს” წევრების დაკითხვას მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე ითხოვს.

„გენერალურ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმიდან გამომდინარე, რადგან საქმეზე რამდენიმე დღის წინ, ახალი გარემოება გამოიკვეთა, როცა პროკურატურამ გადაწყვიტა, ბრალი წაეყენებინა, დაეკავებინა გიორგი მენაბდე.

ჩემი საჩივარი კონკრეტულ მოხელეებს ეხებათ, რომლებმაც თავიანთი გულგრილობით, არაკვალიფიციურობით საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ უნებლიედ მენაბდეს მფარველობა გაუწირს. ეს არის გამოძიების პირველი ეტაპი, ვიდრე გახარია ახალ გამოძიებას დაიწყებდა. ახალი გამოძიების ეტაპზე კი, მენაბდეს ფაქტობრივად მფარველების სახით გამოუჩნდა გახარია-საბანაძის გუნდი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სახით, ხოლო როცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ცალკე დაიწყო გამოძიება, ცალსახად ვაცხადებ, კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი, გიგა ბოკერია მფარველობდნენ მენაბდეს. მათ უტყუარი მტკიცებულება ჰქონდათ, რადგან გუგა ბარბაქაძემ დეტალურად აღუწერა, სად იდგა მენაბდე, რა პოზიციიდან და ლოკაციიდან ახდენდა ის დარტყმას.

სამოხელეო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებაა, რაც პირველ რიგში, პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ეხება, ასევე გამომძიებლებს – ნათელაშვილს, ჟამერაშვილს, ფიფიას, ხუფენიას, გახარიას, საბანაძეს. დაკითხვამდე ვითხოვ, ეს პროკურორები მათი მოვალეობის შესრულებას ჩამოცილდნენ.

გახარია-საბანაძის გამოკითხვას ვითხოვ მოწმის სახით და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმულირების ბრალის წარდგენას. ასევე ვითხოვ, გამოძიების დაწყებას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, “ევროპული საქართველოს” წევრების – კაპანაძის, რატიანის, ბოკერიას, კახიძის მიმართ, რომელთაც მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინეს. მათ მიზანმიმართულად ხელი დააფარეს ამ დანაშაულს”,- განაცხადა თოდუამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაარმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა