მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ახალი მოსამართლისგან მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმეზე პროცესი დღეს განახლდება.
მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, ის დღეს შუამდგომლობას დააყენებს, რომ ახალმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა დაიწყოს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ ვერც ერთი მოწმის დაკითხვას ვერ მოვასწრებთ, რამეთუ მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვიტა სათადარიგო მოსამართლით ჩანაცვლება, ამან რიგი საკითხების გადახედვა გამოიწვია. კერძოდ, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპიდან ახალი მოსამართლის ჩართვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს და მოვითხოვ, ახალმა მოსამართლემ დაიწყოს მტკიცებულებების ხელახლა ​გამოკვლევა. წარმოუდგენლად მიმაჩნია მოსამართლის განცხადება, თითქოს მან სიდი დისკებზე მოისმინა 70 მოწმის დაკითხვა და საქმის კურსშია. ყველა უნდა დაიკითხოს ხელახლა. მაშინ, როდესაც უკვე მოწმეების 50 პროცენტზე მეტია დაკითხული, ახალი მოსამართლით ჩანაცვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად მიიჩნევა. თუ ამ შუამდგომლობას არ დამიკმაყოფილებენ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობასაც დავაყენებ” – ამბობს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მაშველები მთელი ღამე ეძებდნენ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა