მიხეილ ჯანელიძეს ხსნიან? – „ოცნებაში“ „ყაზარმული“ გამოცხადდა

როგორ გახდა „ნაციონალების“ მეხოტბე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სამართლიანობისთვის მებრძოლი  

მარტი „ოცნებისთვის“ მძიმე თვეა: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, სტრასბურგმა ჯერ 8 მარტამდე, ბოლოს კი, უვადოდ შეაჩერა. არადა, სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ, როგორც კი ჩვენმა 12-მა მოსამართლემ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ამ უკანასკნელის „ფეისბუქგვერდზე“ მთხოვნელთა რიგი დადგა, ბატონო ქიბარ, როგორ გყვიყვარხარ, თქვენს გამარჯვებაში დარწმუნებულნი ვიყავით, თქვენს გვერდით გვიგულეთ და იქნებ, შვილი, დისშვილ-ძმიშვილი თუ ბიძაშვილიშვილი დამისაქმოთო. რას ვიზამთ – „ჩაწყობით“ სამსახურის შოვნა ხომ რაღაცნაირად ქართული ხასიათია…

ახლა, რაც შეეხება თავად ქართული და ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებებს, დავიწყოთ იმით, რომ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სასამართლოს, მით უმეტეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც 12 მოსამართლე იღებს, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ იმ დროს, როცა სასამართლოს, აგრეთვე, საგამოძიებო უწყების მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს, რასაც უამრავი ქეისი მოწმობს, ცოტა ძნელია, ადამიანმა იგივე უზენაესის განაჩენი უპირობოდ ირწმუნოს, თან აქ ერთი გარემოებაც არის გასათვალსიწინებელი. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“- სთვის, ანუ როგორც თვითონ ამბობს, სამართლიანობისთვის ბრძოლა დაიწყო, „ოცნების“ ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებს, რომ ეს ორ კერძო პირს შორის წარმოებული სასამართლო დავაა და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაგრამ იგივე „ოცნებას“ რატომღაც დაავიწყდა, რომ ხალვაშის და, ქალბატონი ფატი ხალვაშ მისი დეპუტატია. შესაბამისად, ბიზნესმენი ხალვაში, უნდა თუ არა, რაღაცნაირად „ოცნებასთან“ ასოცირდება, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, საქართველოში დედა, და თუ ძმა ოჯახის წევრად აღარ ითვლება. ჰოდა, ამ ხალვაშმაც შეიძლება, თქვას, მერე რა, ჩემი და „ოცნების“ უმრავლესობის წევრი რომ არის, ის ჩემი ოჯახის წევრი არ გახლავთ და ხელისუფლებაც ფარულად ჩემს ინტერესებს არ ამაგრებსო.

დავუშვათ, დავიჯერეთ, რომ „ოცნება“ ქიბარ ხალვაშს ფარულად არ ეხმარებოდა, მაგრამ მაინც გაუგებარია, ეს ბატონი რატომ ითვლება სამართლიანობისთვის მებრძოლ რაინდად?  ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ის ბიზნესმენია, რომელიც იმ 9-წლიანი სისხლიანი რეჟმის შექმნის სათავეებთან იდგა – ყველას კარგად გვახსოვს, ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. საქართველოში კი ადამიანების „ტრუსიკ-მაიკით“ პირდაპირ ეთერში დაჭერის ტრადიციას საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა, როცა ძალოვან უწყებებს ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა, ყველაფერ ამაში შეიძლება, ხალვაში არაფერ შუაში იყო, მაგრამ გაგებული გექნებათ ქართული ანდაზა, მითხარი, ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი, შენ ვინ ხარო, ანუ თუ ხალვაში ძალადობისკენ მიდრეკილ ოქრუაშვილთან მეგობრობდა, ესე იგი, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, ძალადობაზე უარს თვითონაც არ იტყოდა?! ყოველ შემთვევაში, ამ მსჯელობაში, დაგვეთანხმებით, ლოგიკა ნამდვილად არის.

აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე „რუსთავი 2“, როგორც ამბობენ, მაინცდამაინც პატიოსანი გზით არ შეიძინა, ანუ გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალებმა“ ცხონებულ ეროსი კიწმარიშვილს, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილები იძულებით დაათმობინეს. ხალვაშს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მაშინდელი გავლენიანი „ნაციონალის“, ესე იგი, ოქრუაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, ამის თაობაზე, სხვა თუ არაფერი, ყურმოკვრით მაინც უნდა სცოდნოდა და თუ მართლაც, ასეთი სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდია, წართმეული ქონების გადაფორმებაზე უარი უნდა ეთქვა. ახლა, თავის იმით მართლება, აი, იძულებული ვიყავი, „რუსთავი 2“-ის მფლობელი გავმხდარიყავი, ან ტელეკომპანია „ჩამიდესო“, არ გამოვა.

კარგი, დავუშვათ, ხალვაშსაც ტელეკომპანია ისე იძლებით აჩუქეს, როგორი იძლებითაც „ნაცები“ მაღალი სასულიერო პირებს, თურმე, „ჯიპებს“ ჩუქნიდნენ, მაგრამ შე კაი დედმამიშვილო, რომ ხედავდი, რომ ათასი უბედურება ხდებოდა, რასაც შენს მფლობელობაში არსებული ტელევიზია არაობიექტურად აშუქებდა, გეძინა? თუ შენთვის მთავარი ფულის კეთება კი არა, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები იყო, ამდგარიყავი, „რუსთავი 2“-ზე უარი გეთქვა და, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნიდან ისე გაქცეულიყავი, როგორც მას შემდეგ გაიქეცი, როცა შენი „მფარველი ანგელოზი“ ირაკლი ოქრუაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე სპორტსმენებს არბევდნენ და ამ ამბავს ხალვაშის დაქვემდებარებაში მყოფი „რუსთავი 2“ ისე აშუქებდა, როგორც ხალვაშის სამეგობროს აწყობდა, „წამებულ“ ბიზნესმენს აზრად ალბათ, არც მოსვლია, რომ ის აქლემი, რომელსაც უსამართლობა ჰქვია, ადრე თუ გვიან, მის კართანაც ჩაიმუხლებდა, ანუ მაშინ ხალვაშს იმედი ჰქონდა, რომ „ნაცები“ მთელი ცხოვრება ხელისუფლებაში იქნებოდნენ და თვითონაც, როგორც მათ მეხოტბესა და მათი კარის ბიზნესმენს პრობლემები არ შეექმნებოდა, მაგრამ ხომ იცით, დრონი მეფობენ და არა – მეფენიო.

ჰოდა, ასე და ამგვარად, დამთავრდა ხალვაშის მეფობის ხანა. არადა, თავის დროზე ბიზნესმენების დატერორების პროცესში, როგორც ახლა ირკვევამ თვითონაც მონაწილეობდა. ყოველ შემთხვევაში, 7 მარტს, ირაკლი ბათიაშვილმა საქალაქო სასამართლოს, სადაც ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძლებით ჩამორთმევისა და გადაფორმების საქმის განხილვა მიმდინარეობს, სკანდალური ჩვენება მისცა. კერძო, ბათიაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალების“ დავალებით, ქიბარ ხალვაში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს სთხოვდა, რომ თავის ბიზნესი წილების ჯერ ნახევარი დაეთმო, შემდეგ კი ლაპარაკი 60-65 პროცენტზე დაიწყო, რაზეც უარი მიიღო. ერთი სიტყვით, ხალვაშიც, როგორც ჩანს, იგივე თიხითაა მოზელილი, რომლითაც „ნაციონალები“ და საინტერესოა, ახლა თავი წამებულად და სამართლიანობისთვის მებრძოლად რატომ მოაქვს?

ისე, არავინ იცის, რით გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის საქმის ევროპული ეპოპეა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვინმე ჭკვიანმა ხალვაშსაც ურჩიოს, ძმაო, შენც მიმართე სტრასბურგსო და მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდეს, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ნათელია, რომ ქართული სასამართლოს ისედაც შერყეული იმიჯი და რეპუტაცია კიდევ უფრო შეირყა, ანუ რიგით მოქალაქეებს იმის იმედი არ ექნებათ, რომ იგივე უზენაესი სასამართლო ადექვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

 

ამას გარდა, სასამართლოს მიმათ გული შეიძლება, თავად ჩინოვნიკებსაც აუცრუვდეთ და აი, რატომ:

როგორც „თაიმერს“ კულუარებში უთხრეს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ გადადო, „ოცნებაში“ ყაზარმული გამოცხადაა. ჩვენი წყაროს სიტყვებით რომ ვთქვათ, „ოცნების“ წევრები ისეთ შავ დღეში არიან, რომ თურე, დანა პირს არ უხსნით და „განტევების ვაცს“ ეძებენ, ვისაც ყველაფერს დააბრალებენ.

„ეს განტევების ვაცი კი, დიდი ალბათობით, მიხეილ ჯანელიძე იქნება, ანუ როგორც მე ამიხსნეს, „ოცნება“ ყველაფერს საგარეო საქმეთა მინისტრს დააბრალებს და იტყვის, რომ მან ევროსასამართლოში და, საერთოდ, დასავლეთში შესაბამისად ვერ იმუშავა და ის შედეგიც ამიტომ დადგა, რაც დადგა. ზუსტად ამ მოტივით, ჯანელიძეს გაათავისუფლებენ, რასაც შეიძლება, მთავრობაში სხვა ცვლილებებიც მოჰყვეს და, საერთოდ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთლიანი მინისტრთა კაბინეტი შეიცვალოს,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ამბობს, რომ ჯანელიძე არაფერ შუაშია და თუ ვინმე უნდა დასაჯოს „ოცნებამ“, ეს, პირველ რიგში, იუსტიციის მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს.

 

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძის ოჯახს სავარაუდოდ სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა