მიხეილ ჯანელიძემ ბაქოს გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში იმყოფება, სადაც ოთხმხრივ ფორმატში გაიმართება აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო ბაქოს მეექვსე გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში.

გლობალურ ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა გახსნა, ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა და ლატვიის პრეზიდენტმა 1997-2007 წლებში, ფორუმისადმი საგანგებო მიმართვა გავრცელდა რომის პაპის, გაერო-ს გენერალური მდივნის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და იტალიის პრეზიდენტის სახელით. ღონისძიებას მსოფლიოს ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

საკუთარ გამოსვლაში, სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე და ამ კუთხით ხაზი გაუსვა დღეს ბაქოში დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას, რომელშიც აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა ამ ფორმატის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში რეგიონული თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ბაქოში პირველად ეყრება საფუძველი აზერბაიჯანი-საქართველო-ირანი-თურქეთის ოთხმხრივი შეხვედრის ფორმატს. ახალი ფორმატი ითვალისწინებს რეგიონული კავშირების გაღრმავებას და მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა. ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ კოლეგებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა : 2008 წლის ფაქტს აგრესიას უწოდებდნენ, ახლა – უპატივცემულობას, რადგან ხომ დამტკიცდა, რომ აგრესია სააკაშვილმა დაიწყო
შემდეგი სტატიაუკრაინის პროკურატურამ სავჩენკოს ტერაქტის მოწყობაში დასდო ბრალი