მიხეილ ჯანელიძე – ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ზურაბ პოლოლიკაშვილს წარმატება უსურვა.

„საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად გახდა გაერო-ს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ეს არის უდიდესი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ეს არის უდიდესი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი შედეგი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ეს არის დიდი შედეგი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ ეს წარმატება ყოფილიყო მიღწეული. მე ვულოცავ ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც დღეიდან უკვე მოემსახურება მსოფლიოს ტურიზმის სექტორის განვითარებას და ამით ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს მიღწევებს. ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ, პრემიერ-მინისტრის – გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერამ, ჩვენი დიპლომატიის ძალიან აქტიურმა მუშაობამ და თითოეულმა უწყებამ, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. მინდა წარმატებები ვუსურვო ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ და მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის მონაწილეებსაც მიმართა.

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი.

”დღევანდელმა დღემ გაგვაერთიანა, ხოლო ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს სჭირდება იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ, ვისიამოვნოთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. ყველას მადლობას ვუხდი დღეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს კანდიდატის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევას მიხეილ ჯანელიძემ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების ერთგულია და კარგად აცნობიერებს, რომ საერთაშორისო წესებისა და ვალდებულებების პატივისცემა თითოეული ქვეყნის, ერისა და მოქალაქის წარმატების წინაპირობაა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორგანიზაცია ყველა რეგიონის, ქვეყნების ყველა გაერთიანებისა და ორგანიზაციის თითოეული წევრის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. „ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმატებისთვის“, – დასძინა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას, რომელიც მონაწილეობს ჩინეთში ქ. ჩენგდუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში.
სწორედ ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის – ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დამტკიცება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიხულოში, შავნაბადას მთაზე ისევ დაკვამლიანება შეინიშნება
შემდეგი სტატიადავით ოქიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნა