მიხეილ ჯანელიძე: ველოდებით, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მალე მიიღებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, არამედ აშშ-ის კონგრესის მხრიდანაც იყოს მხარდაჭერილი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ტედ პოს დადებით შეფასებებს საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტედ პომ გასული წლის ოქტომბერში, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს ვაშინგტონში დააფუძნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, დემოკრატ კონგრესმენთან ერთად.

„ამ ჯგუფის აქტივობა იზრდება ყოველდღიურად, ასევე კონგრესიდან სხვა მეგობრები აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ინტერესდებიან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობით. ჩვენ ყოველი ვიზიტის დროს ვახდენთ მათ ინფორმირებას, ასევე იმართება შეხვედრები. გიორგი კვირიკაშვილის ბოლო ვიზიტის დროსაც, ჩემი ვიზიტის დროსაც, შეხვედრები გავმართეთ მეგობართა ჯგუფთან. ასევე, მიმდინარე ზაფხულს იგეგმება მეგობარი ჯგუფის წევრი კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არამარტო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ კონგრესის მხრიდანაც იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცნობადობა იმ რეფორმების, იმ ნაბიჯების, რომელიც საქართველოში ხორციელდება და, რომელსაც ქვეყანა დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განცხადებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენს პოზიციებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და შერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ცალსახად აღნიშნავს კონგრესმენი ტედ პო, რომ საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით, ასევე, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას ეხება. ეს არის – კანონის უზენაესობა, მედია თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება თუ ა.შ. ის არამარტო ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არამედ ასევე მოუწოდებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ჩვენთვის აღნიშნული შეფასებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის კონგრესმენ ტედ პოს მადლობა გადაუხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ მეგობართა ჯგუფისა და კონგრესმენი პოს მხრიდან ინიცირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ასევე განიხილება კონგრესში. განხილვები მიმდინარეობს და ველოდებით, რომ მალე მოხდება ამ რეზოლუციის მიღება”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი საერთაშორისო ანტიკორუფციული სამიტის მუშაობაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: შეიძლება, მსოფლიოს პირველი ბანი მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს