მიხეილ ჯანელიძე : საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ევროპული ინტეგრაციის პროცესში

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც ევროპელ პარლამენტარებთან ერთად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, გამოწვევები და შემდგომი ნაბიჯები განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასებები, რომელიც სხდომის ფარგლებში გამოითქვა.

„მინდა მივესალმო ასოცირების საპარლამენტო განზომილების შეხვედრას. განხილული იქნა საქართველოს პროგრესი და ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ, საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ევროპული ტრანსფორმაციის კუთხით, ევროპული რეფორმების განხორციელების კუთხით და ზუსტად ეს უზრუნველყოფს ჩვენს შემდგომ წარმატებას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. განხილულ იქნა ყველა მიზანი, რომელიც გვაქვს, ამბიციური მიზნები, მათ შორის, გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს ჩვენგან“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივები განიხილეს.

მინისტრის შეფასებით, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, ის წარმოდგენილია სხვადასხვა ინსტრუმენტით, მათ შორის ჩართულია შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

„ევროკავშირის პარლამენტის წევრების მხრიდან გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც მათი მკაფიო და მტკიცე პოზიცია რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია შემდგომი ნაბიჯებისთვის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ისევე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა გუშინ თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით, მეექვსე სხდომა გამართა.

banner
წინა სტატიაშიNDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს
შემდეგი სტატია“პერესტროიკა” “ქართული ოცნების” PR-ში