მიხეილ ჯანელიძე – ეუთო-ს მეგობართა ჯგუფის განცხადება საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადება პარტნიორების მხრიდან საქართველოს მკაფიო და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა, – ასე აფასებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ორგანიზაციაში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებების დაბლოკვის ფონზე, მეგობართა ჯგუფის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღება საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილია.

„იმ პირობებში, როდესაც კონსენსუსის პრინციპისა და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ეუთო-ში ვერ ხერხდება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული დოკუმენტის მიღება, მეგობართა ჯგუფის განცხადება არის პარტნიორების მხრიდან საქართველოს მკაფიო და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი ძალიან აქტიურად დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ხმამაღლა ხდება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის გაცხადება, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის.

განცხადება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ასევე ეუთო-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი სრულყოფილი მისია საქართველოში.

მისასალმებელია, რომ განცხადებაში ქვეყნები ხაზს უსვამენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ მძიმე მდგომარეობას ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ შორის აღნიშნულია მძიმე ფაქტი, რომელიც უკავშირდება ერედვში განხორციელებულ სახლების განადგურებას და იქ ე.წ. რუსეთის საინვესტიციო პროგრამით გარკვეული სამუშაოების წარმოებას. ასევე, განცხადების ფარგლებში მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირების თავის მშობლიურ სახლებში დაბრუნებას ღირსეულად და მშვიდობიანი გზით. ასევე მეგობრები მტკიცედ უჭერენ მხარს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, შერიგების პოლიტიკას, იმ ზომებს, რომელიც ტარდება შერიგების კუთხით და საზოგადოების დაახლოების კუთხით,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს, მეგობართა ჯგუფის განცხადებას დაემატა ახალი ელემენტები და მასში ხაზგასმულია საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის და ეკონომიკური განვითარების კუთხით, მხარდაჭერილია საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

„მნიშვნელოვანია ის, თუ რას მოიცავს და რას ეხმაურება ეს განცხადება. პირველ რიგში განცხადება მკაფიოდ ხაზს უსვამს დემოკრატიულ პროგრესს და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულებით, დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთვის და ამ ორგანიზაციის ღირებულებების შესაბამისია“, – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ განცხადება წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მისიის აქტიური შრომის შედეგს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ორი წლის წინ შეიქმნა მეგობართა ჯგუფი და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად უკვე მეორე წელია მინისტრთა საბჭოს ფარგლებში მიიღება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ეხმაურება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

მიხეილ ჯანელიძემ განცხადების მიღებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს, საქართველოს მისიას ეუთო-ში, პირადად საქართველოს ელჩს კოტე ზალდასტანიშვილს და ქართველ დიპლომატებს ეფექტური მუშაობისთვის.

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, ეუთო-ს 24-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, რუმინეთი, პოლონეთი, ლიტვა, შვედეთი, ჩეხეთი, ლატვია და ესტონეთი) მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში უკვე მეორეჯერ კეთდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

განცხადებაში მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, გამოთქმულია საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვისადმი მხარდაჭერა და დადებითადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ამ მიმართულებით. მეგობარი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. განცხადებაში მეგობარი ქვეყნები ულოცავენ საქართველოს მთავრობასა და ხალხს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებას ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით.

განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის დასკვნით ოქმზე, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით. ასევე ხაზგასმულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და გამოთქმულია შეშფოთება ცხინვალის რეგიონის სოფელ ერედვში ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით.

მეგობართა ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია პროგრესის საჭიროება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ თემებზე, კერძოდ, ძალის არგამოყენების ვალდებულების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის