მიხეილ ჯანელიძე : ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებები უზრუნველყოფს, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ შეექმნას

გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის განხილვა დაიწყოს, საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, საინფორმაციო კამპანია და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ შეექმნას.

„როგორც კი გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ასევე ორგანიზებული დანაშაულის სტატისტიკა, მყისიერად დავიწყეთ შესაბამისი ქმედებების განხორციელება. ჩვენი რეაგირება მოიცავდა მეტ თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს ქვეყნის შიგნით, რომელიც ხელს უშლის უვიზო რეჟიმის არასწორად გამოყენებას. აქტიურად წარვმართეთ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა და შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩვენი თანამშრომლობა როგორც წევრ ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან უზრუნველყოფს, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ შეექმნას”,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, გერმანულ „დოიჩე ველეში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება ერთი წლის წინ გააფორმა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა.

banner
წინა სტატიაში“სანამ დრო არის ეს ადამიანი უნდა მოშორდეს ძიუდოს” – ზვიადაური ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : პარტიის ლიდერები, რომლებიც დღეს არიან პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, მომავალშიც იქნებიან მისი წევრები