მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძელოთ თანამშრომლობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დონალდ ტრამპს არჩევნებშ გამარჯვებას ულოცავს. მიხეილ ჯანელიძე განცხადებას “ფეისბუქის” საშუალებით ავრცელებს:

“ვულოცავ ბატონ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.
ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, განუხრელად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობა ეყრდნობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას, რაც ფორმალიზებულია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია წარმოადგენს 25-წლიანი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის ჩამოყალიბების შედეგს.
ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, რითაც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ მხრივ საქართველო რჩება აშშ-ს სანდო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ და მომავალშიც გააგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საქმეში.
ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძოთ თანამშრომლობა, გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავამტკიცოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა.” ნათქვამია ჯანელიძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე: შეუძლებელია თქმა, რა საგარეო პოლიტიკა ექნება ტრამპს
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აშშ-ის მოსახლეობას 45-ე პრეზიდენტის არჩევას ულოცავს