მიხეილ ჯანელიძე : ჩვენ მივესალმებით ფინანსურ დახმარებას, რომელსაც აშშ საქართველოსთვის გამოყოფს

მივესალმებით ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ჩანაწერი გასულ წელს გაჩნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ბიუჯეტის კანონში ჩანაწერი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, გასულ წელს გაჩნდა და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოსთან, ამერიკის კონგრესთან მუშაობის ისე წარმართვა შევძელით, რომ ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი დაფიქსირებულიყო, მაგალითად, როგორიც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაა. ასევე, ამერიკის მხრიდან სანქციები იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ოკუპირებულ რეგიონებთან რაიმე შეხება ან კონტაქტი აქვთ. მივესალმებით თუ, რა თქმა, უნდა იგივე ჩანაწერი საბოლოო ჯამში, ამ წლის საბიუჯეტო კანონშიც იქნება მიღებული“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, უპრეცედენტოა.

„ჩვენ მივესალმებით იმ ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის გამოყოფს. განსაკუთრებით თავდაცვის მიმართულებით, ეს უპრეცედენტო თანამშრომლობაა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. შემუშავებულია სამწლიანი გეგმა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეა ორიენტირებული და ამ პროცესში, ტექნიკურ დახმარებასთან და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება იყო მიღებული შესაბამისი შეიარაღების საქართველოსთვის გადმოცემის კუთხით, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. ამათან ერთად, ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

აშშ-ის ახალი ბიუჯეტის პროექტი საქართველოსა და უკრაინისთვის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. საუბარია 105 320 000 დოლარზე, რომელსაც საქართველო დახმარების სახით მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმე – მთავარი პროკურატურა მეორე წელია გამოძიებაში დახმარებას უცხოეთიდან ელის