მიხეილ ჯანელიძე ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

avxaneti

 

avxaneti
avxaneti

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission) ფორმატის შეხვედრაზე. შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა განიხილეს ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა.

ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში, რაც გამოიხატება არასაბრძოლო მისიის განხორციელებით, რომლის მთავარი მიზანია ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა და მომზადება.

ხაზი გაესვა, რომ ალიანსისა და მისი პარტნიორების სტრატეგია მოიცავს სამ ძირითად ელემენტს – „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ იმპლემენტაციას, ავღანეთის ძალების ფინანსურ უზრუნველყოფას და ქვეყანასთან ხანგრძლივი პარტნიორობის შემუშავებას. თავის გამოსვლაში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ იგი აქტიურად უჭერს მხარს ალიანსს მისიის განხორციელებასა და ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებისთვის დახმარების აღმოჩენაში.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას 2016 წლის შემდგომ.

მინისტერიალის მსვლელობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ალბანეთის, ნორვეგიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე მთავარ განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები.

ნატო–ს წევრ ქვეყნებთან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო–ს ვარშავის სამიტისთვის მზადებას. ამ თვალსაზრისით, მხარეებმა განიხილეს ინტეგრაციის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები და პრაქტიკული თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, რომლის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვებას ალიანსის წევრობასთან. ამას გარდა, განხილულ იქნა ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის, მათ შორის მისი ცალკეული ელემენტების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც წარმატებით ხორციელდება ქართული მხარისა და მოკავშირეების აქტიური ჩართულობით.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე – პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი
შემდეგი სტატიაშეღებილი ოკუპანტები- აქცია სუს-ის შენობასთან