მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა.
როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა. უმაღლესმა კომისარმა 2016-2018 წლების განმავლობაში საქართველოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ორგანიზაციის დღის წესრიგის ეფექტურად განხორციელებისთვის.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გაერო-ს უმაღლეს კომისართან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, კმაყოფილებით აღინიშნა ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცება. ისაუბრეს შესაბამისი საკანონმდებლო თუ უწყებრივ რეფორმებზე, რაც ქვეყანაში კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, განსაკურებულ აქტუალობას იძენს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობა.
მინისტრმა უმაღლეს კომისარს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა საკითხების გაუმჯობესების პროცესში მისი ოფისის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან ვითარება დაძაბულია
შემდეგი სტატიაApple-მა აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს სასამართლო მოუგო