მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას კულტურის მინისტრის მოადგილე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

გიორგაძე გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს, მხოლოდ მადლობას უხდის კოლეგებს, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს და ამბობს, რომ რჩება გუნდის ერთგულ წევრად.

“მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი – სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ! დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო.
მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, თითოეულ იმ პროფესიონალს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი! სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს!,”-წერს გიორგაძე.

ბოლო პერიოდში მიხეილ გიორგაძის მისამართით არაერთ ბრალდება ისმოდა. ბოლო სკანდალი მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის გაუქმებას უკავშირდება. მწერლებმა მომხდარს სადამსჯელო ღონისძიება უწოდეს.

რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროს მწერლებისთვის აზრი არ უკითხავს.

მწერლების ნაწილმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში გამოთქმული თავისუფალი სიტყვის გამო, ხელისუფლება ანგარიშს ახლა ითხოვს. ბრალდებების მთავარი ადრესატი კი მიხეილ გიორგაძე იყო, რომელიც ბრალდებების საპასუხოდ ამბობდა, რომ მწერლების, პოეტების გამომცემლების და მთარგმნელების ამბოხება მისთვის გაუგებარია.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა საფრანგეთს საქართველოს მოქალაქე გადასცა
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა