მიხეილ დაუშვილმა უმძიმესი განცხადება გააკეთა – ოხანაშვილი

მიხეილ დაუშვილმა უმძიმესი განცხადება გააკეთა – ანუ, სავაჭრო საგანია ტერიტორიული მთლიანობა? ყველას გადაეცით, რომ ჩვენ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის კითხვას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნული განცხადება განზრახ გააკეთა.

„ამ ადამიანმა იკადრა შემდეგი რაღაც, რომ თურმე, ჩვენმა პარტნიორებმა რომ აღიარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ეს შეიძლება გადაიხედოს იმის გამო, რომ ვინმე გიგაური, ვინმე ლომჯარია და ვინმე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი გამჭვირვალედ მუშაობდნენ ამ კანონის შესაბამისად. ამის გამო, რომ მათ საქმიანობას გამჭვირვალობა არ შეეხოს, ამის გამო შეიძლება გადაიხედოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაო. ეს რა განცხადებაა, თქვენ წარმოგიდგენიათ საერთოდ? ანუ, რას გვეუბნებით თქვენ რომ ტერიტორიულ მთლიანისადმი მხარდაჭერა დამოკიდებულია კონკრეტულ გამჭვირვალობის საკითხზე ამ ორგანიზაციების?

ეს უმძიმესი განცხადება, რაც თქვენ გააკეთეთ მე ვფიქრობ, რომ განზრახ, იმიტომ რომ შემდგომი იგივე გაიმეორეთ. თუ გნებავთ რომ ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ხალხს, რომ აბსოლუტურად ისეთი რამ იკადრეთ, რომელიც არ უნდა გაგეკეთებინათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დააყენეთ კითხვის ნიშნის ქვეშ. დაუშვით, რომ ერთი კანონის გამო თურმე შეიძლება გადახედონ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ანუ სავაჭრო საგანია ტერიტორიული მთლიანობა? თუ გნებავთ ამაზე ბოდიში მოხდა, მე მოგცემთ სიტყვას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მიკროფონის ჩართვის შემდეგ, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა: „მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს“, რის გამოც, კომიტეტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გაუთიშა.

„ბოდიში თუ არ გაქვთ მოსახდელი გასაგებია. ძალიან მძიმეა ვუსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ეს არის თქვენი პირით გაჟღერებული საკითხი, რომელიც არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ეს არის უმძიმესი განცხადება და ყველას გადაეცით რომ ჩვენ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია,“ – მიმართა ოხანაშვილმა დაუშვილს.

ამის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავისი კითხვა განმარტა და აღნიშნა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და დეპუტატებს მიმართა კითხვით: „როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ?“

მისი თქმით, „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“.

„მე არ მინდა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით რაიმე თუნდაც მცირედი ინტერპრეტაცია დარჩეს. რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან ერად არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ. რა თქმა უნდა. ჩვენ ამ ნაწილში არც ერთი წუთი და არც ერთი წამით კითხვას არ ვსვამთ. ჩვენი კითხვა ეხებოდა შემდეგს – იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში ეს საფრთხეს უქმნის თუ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკა. მე რაზეც გესაუბრებით ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ხალხო,“ – განაცხადა დაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია – ნათია თურნავა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს