რას ნიშნავს, სუპერ პაკ-ი? რამხელა ბედნიერებაა, რომ იმ 25 ადამიანში ჩვენც გაგვითვალისწინეს. არ გვინდა, არ გვაინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, რა ხდება „ნაცმოძრაობაში“, პარტია „საქართველოსთვის“ საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ოცნებას“ ნუ აძლიერებენ და მათი ბიზნეს პარტნიორები ნუ იქნებიან და ნუ არიან. რა სუპერ პაკ-ი, რის სუპერ პაკ-ი. ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ. რა სუპერ პაკ-ი, რა იდეების გენერატორი? ჩვენი მოქალაქეებისთვის „ნაცმოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური ძალაა და გააცნობიერონ, ამას შეეგუონ. დაიშლებიან? უნდა დაიშალონ. არ შეიძლება, ეს ძალა ასეთი ფორმით არსებობდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.
„პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.