მიხეილ დაუშვილი პრემიერს – ევროკომისიამ დაგვიწერა: სასამართლოს რეფორმა, პოლარიზაციის დასრულება, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციების გაძლიერება, ამ კუთხით რას აპირებთ?

ევროკომისიამ დაგვიწერა – სასამართლოს რეფორმა, პოლარიზაციის დასრულება, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციების გაძლიერება, ამ კუთხით რას აპირებთ? ამ შედეგზე, რაც ჩვენ დაგვიდგა, მოქალაქეების წინაშე იღებთ პასუხისმგებლობას?, – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა და დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც დეპუტატებს წლიური ანგარიში წარუდგინა.

მიხეილ დაუშვილის თქმით, პრემირ-მინისტრისგან, რაც მოისმინეს არის წინა 9 წლის და ახლანდელი 10 წლის შედარება, მაშინ, როცა დღეს მოქალაქის მთავარი ამოცანაა ევროინტეგრაცია და ქვეყნის მომავალი.

„მოქალაქეების თვალით აქ, რაც ხდებოდა და ხდება, არის უმძიმესი მოსასმენი და უმძიმესი სანახავი. ერთადერთი, რაც მოვისმინეთ არის, წინა 9 წლის და ახლანდელი 10 წლის შედარება. მაშინ, როცა დღეს მოქალაქის მთავარი ამოცანა და მთავარი ინტერესია ევროინტეგრაცია და ქვეყნის მომავალი. აი ამ დროს თქვენ რა შესთავაზეთ მოქალაქეებს?

როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ის მოცემულობა, რაც ჩვენ დაგვიდგა ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ეს ორ რაღაცაზე მიუთითებს. ერთი ვარიანტია, რომ თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები დაგერწმუნებინათ, რომ ეს არასწორია, ან მეორე ვარიანტია, უბრალოდ მათ თვალში ხელისუფლებას ნდობა არ გააჩნია და რეალობა რა არის იცით? და რატომ მივიღეთ ეს მოცემულობა რაც მივიღეთ? პარტნიორები მოგვიწოდებდნენ, რომ არ დანიშნოთ უვადოთ მოსამართლეები და გაატარეთ სიღრმისეული რეფორმა სასამართლოში და თქვენ ეს არ გაითვალისწინეთ.

როდესაც თქვენ ევროპა არ გაითვალისწინეთ და გადააგდეთ, ვგულისხმობ შარლ მიშელის შეთანხმებას, როდესაც უმძიმესი არჩევნები ჩაატარეთ, როდესაც სახელმწიფო ინსეპქტორის აპარატზე პირდაპირ განახორციელეთ შტურმი, როდესაც განცხადებები და შეფასებები გააკეთეთ უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც უმძიმესი იყო, როდესაც ევროპარლამენტარებზე შტურმი განახორციელეთ, როდესაც თავს დაესხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. აი, ამ ყველაფრის შედეგია სამწუხაროდ ის, რაც მივიღეთ”, – განაცხადა დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა, თუ რას აპირებს საქართველოს მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

“მთავარი კითხვაა, რაც ჩვენ დაგვიწერა ევროკომისიამ, რეკომენდაციებში და დასკვნებში – სასამართლოს რეფორმა; პოლარიზაციის დასრულება; დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციების გაძლიერება, ამ კუთხით რას აპირებთ? ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ამისთვის და ამ შედეგზე, რაც ჩვენ დაგვიდგა, ამაზე პასუხისმგებლობას იღებთ მოქალაქეების წინაშე?,” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით არახამია – არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების “ფეიკებს”, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის “ფეიკებს”, რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს
შემდეგი სტატიაNATO-ში გაწევრიანების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპაციაა – ღარიბაშვილი