მიხეილ დაუშვილი – მოვუწოდებ „ოცნებას” არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და მუშაობის დაწყებამდე,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები და ცდილობს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს.

“მოქალაქეების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვართ წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში, თვითმმართველობის დონეზე. არაერთ საკრებულოში ჩვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, მათ შორის, მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში.

“ქართულმა ოცნებამ” მუნიციპალიტეტებში უკვე დაიწყო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცედურები. რეალურად, ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების საშუალებით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტი.

მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს მოსახლეობის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. ჩვენ კონკრეტული ხედვა გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ასახვას მუნიციპალურ ბიუჯეტში სხვადასხვა მიმართულებით. როცა ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა მისცეს ჩვენს პარტიას, ეს ნიშნავს, რომ მათი ინტერესი იყო “ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობის დასრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი – ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედ ახალი საკრებულოების მიერ და არა ერთპირპიროვნულად “ქართული ოცნების” საკრებულოების მიერ.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და მუშაობის დაწყებამდე. ამასთანავე, ცესკო-ს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომა, რათა მუშაობას შეუდგნენ, მათ შორის ბიუჯეტის განხილვას და დამტკიცებას,”- განაცხადა დაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუ აღმოჩნდება, რომ იქ არაა შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე – სერგეენკო სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაზელენსკი – უკრაინასა და თურქეთს შორის პარტნიორობა ღრმავდება, ეს უკვე აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს