მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის ელჩთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები განიხილა

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს, ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა, ანდრიუს კალინდრას საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და განსაკუთრებით გამოყო ორი მნიშვნელოვანი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის კუთხით უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამის თვალსაჩინო მაგალითია უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

უწყების ინფორმაციით, ამგვარი მიდგომა შენარჩუნდება და მომდევნო წლებში უნივერსიტეტში განათლების სამივე საფეხურისათვის გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული.

ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელი პროფესორები კითხულობენ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის განათლება.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უაღრესად მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი სწორედ მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი. აქედან ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ქვეყანაში ევროპული სივრცის სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება. საქართველოს უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და თითოეული პროგრამის აკრედიტაციის პროცესებში კი, ქართველებთან ერთად, ევროპელი ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართული.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის „Horizon Europe”, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება როგორც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების რაოდენობა.

შეხვედრაზე მხარეებმა კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. თავის მხრივ, ანდრიუს კალინდრამ თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა