მიხეილ ჩხენკელი : „ტელესკოლით“ მიღებული განათლება აუცილებლად ეფექტური იქნება, რადგან გაკვეთილებში ჩართული გვყავს საუკეთესო პედაგოგები

დაიწყო ძალიან ძლიერი და საინტერესო პროექტი – „ტელესკოლა“, რომელსაც განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკლასო ოთახებში მეცადინეობა დროებით შეჩერებულია, თუმცა აღნიშნულმა გამოწვევამ სასწავლო პროცესი არ უნდა შეაჩეროს.

მინისტრის თქმით, „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას ინტერნეტი.

„კორონავირუსის გამოწვევის გამო, დროებით შეჩერებულია მეცადინეობა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ამ გამოწვევამ სასწავლო პროცესი არ უნდა შეაჩეროს. აქედან გამომდინარე, სკოლები და უნივერსიტეტები გადასული არიან სწავლების დისტანციურ ფორმაზე. გუშინ დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი და საინტერესო პროექტი – „ტელესკოლა“, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ ამ პროექტის ფარგლებში, „ტელესკოლასთან“ წვდომა ყველა მოსწავლეს აქვს განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ინტერნეტთან წვდომა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივებს კიდევ ერთი საკომუნიკაციო პლატფორმა დაემატა, რომლებსაც სამინისტრო სკოლებს შესთავაზებს.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივებს დაემატა ქართული საკომუნიკაციო პლატფორმა „ფიდცი“ (Feedc Edu), რომელსაც სკოლებს შევთავაზებთ. მინდა, კომპანია „ფიდცს“ დიდი მადლობა გადავუხადო გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისთვის.

„ტელესკოლის“ მეთოდით მიღებული განათლება აუცილებლად ეფექტური იქნება, რადგან გაკვეთილებში ჩართული გვყავს საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგები. პროექტი გუშინ ძალიან წარმატებით დაიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებით გაგრძელდება. უაღრესად საინტერესო გაკვეთილებია, შემოქმედებითი მიდგომით. დარწმუნებული ვარ, ეს პლატფორმა საკმაოდ საინტერესო აკადემიურ შედეგებს მიაღწევს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აბიტურიენტის საათი ტარდება, სადაც წამყვანი სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევენ.

„გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირას „ტელესკოლა“ მთელ საზოგადოებას შესთავაზებს, ძალიან საინტერესო, საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს, როგორც საქართველოში მომზადებულ, ასევე უცხოურ პროგრამებს, რომლებიც ნათარგმნია ქართულ ენაზე. ეს საინტერესო იქნება არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისა და მთელი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი – „პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია. ახალი საგანმანათლებლო არხისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ლოგო, შეფუთვა, სამაუწყებლო ბადე და საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 30 მარტიდან მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებით სარგებლობის საშუალება აქვთ.

banner
წინა სტატიაშითუ ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა-წითურას და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით-პაატა იმნაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მომხმარებელს მობილბანკის მობილურ ინტერნეტის გარეშე გამოყენებას სთავაზობს